
ვიზების გაუქმება ძალიან კარგია, რომ არა კონტექსტი. კონტექსტი არის ასეთი, ამ კარგ ნაბიჯს შეიძლება, მოჰყვეს, რომ ჩრდილი მიადგეს საქართველოს და კონკრეტულად საქართველოს ხელისუფლება დასავლეთში აღიქმებოდეს, როგორც რუსეთის მაამებლად მოქმედი, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ განაცხადა.
საბოს თქმით, რუსეთის ნაბიჯს შეიძლება, მოჰყვეს პოლიტიკური პრობლემა, აღქმების პრობლემა დასავლეთიდან.
„ჩვენ რომ ხელისუფლებაში ვყოფილიყავით, ამ ნაბიჯს, რომელიც ჩვენს რუსეთთან დაახლოებას მოასწავებს ან რაღაცნაირად ირიბი მაჩვენებელია, დავუპირისპირებდით რაიმე ევროპულ გადაწყვეტილებას, პროევროპულ ნაბიჯს. მაგალითად, სასამართლოს რეფორმა, ბარიერის დაწევა, ქვეყნის შიგნით რაიმე ისეთი ნაბიჯი. გასაგებია, რომ ვიზების გაუქმებაზე რუსეთთან არანაირი ბერკეტი არ გვაქვს, შეიძლება, ნებისმიერმა ქვეყანამ დაგვინიშნოს ან გაგვიუქმოს ვიზები, მაგრამ ჩვენი ქვეყნის შიგნით იმ პოლიტიკურ ზიანს, რომელიც ამ ნაბიჯს შეიძლება მოჰყვეს ქვეყნისთვის დავაბალანსებდით პროევროპული ნაბიჯიდან, 12 პუნქტიდან ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტების ისე შესრულებით, რომ ევროპელებს კითხვა არ გასჩენოდათ საქართველოს ხელისუფლება პროევროპულია თუ პრორუსულია. არ მგონია, რომ სწორი ან ადეკვატურია იქეთ ვიზები დავაწესოთ, ზოგადად ვიზების მოწინააღმდეგე ვარ. ადამიანები ქვეყნებს შორის თავისუფლად უნდა მოძრაობდნენ და აქედან გამომდინარე არ მგონია, რომ ამ სიტუაციაში იქეთ ვიზების დაწესება დააბალანსებს იმ პროვოკაციას თუ იმ პოლიტიკურ ზიანს, რომელიც ამ ვიზების მოხსნამ შეიძლება, მოიტანოს ჩვენთვის. ამ ნაბიჯს დააბალანსებდა ჩვენი რაიმე ისეთი ნაბიჯი, რომელიც მკაცრად მიანიშნებდა იმაზე, რომ ჩვენ ისევ იგივე კურსი გვაქვს, როგორც ხელისუფლებას, ისე ხალხს და გვინდა ევროპა. რუსეთი თუ მოგვიხსნის ვიზებს, ეს მათი შიდა საქმეა“, – განაცხადა საბომ.
0
0