26/07/2023
16:42
პოლიტიკა
ენმ-ს ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია, სოციალურ ქსელში, სამეგრელოს ყოფილ გუბერნატორს, ზაზა გოროზიას კიდევ ერთხელ ამხელს და წერს:
"პოლიტიკა ზოგადად საჯარო საქმეა, საქმე სადაც პოლიტიკოსი ხალხის წინაშე იღებს პასუხისმგებლობას. ვისაც აქვს პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის სურვილი და ამბიცია , ის ამ საქმეში უნდა იყოს ღიად და საჯაროდ.
ადამიანი, რომელიც თავად ადასტურებს, რომ “მართავს ჩრდილიდან” და თან არის “დანიშნული პოლიტიკური საბჭოს წევრი”, არის განსახიერება ყველა იმ მანკიერებისა, რის გამოც ვებრძოდი და ვებრძვი ქართულ ოცნებას; განსახიერება იმ მანკიერებისა, რომლის გამოც ვთვლი, რომ დღევანდელი ფორმაციის ნაციონალური მოძრაობა ვერ იქნება ოცნების ალტერნატივა და ვერასდროს დაამარცხებს მას.
ამ ადამიანმა 2021 წელს, როდესაც მთელი პარტია, თითქმის ყველა მისი ლიდერი შესული იყო გადამწყვეტ, რეფერენდუმად გამოცხადებულ არჩევნებში, მარტვილის რაიონში დადო გარიგება ფრიდონ ინჯიასთან, კონკრეტულ სოფლებში არ დააყენებინა ნაციონალურ მოძრაობას კანდიდატები, შემდეგ კი ოპოზიციის მიერ მოგებული საკრებულო “გადაულოცა” ქართულ ოცნებას… სწორედ ეს არის პოლიტიკური კორუფციის “თვალსაჩინო” ნიმუში, რომელიც თუ არ აღმოიფხვრა, ვერასოდეს გავიმარჯვებთ.
არსებობს ქართული გამოთქმა, რომ “ციხე შიგნიდან ტყდება”. ერთობა, რომელშიც მსგავსი ხალხია, ეროზირდება, ლპება და იხრწნება.
ძალა არ არის მსგავს ხალხთან ერთობაში – ეს მე გამოცდილებით ვისწავლე. ძალა მართალი, გაუყიდავი ხალხის ერთობაშია და მხოლოდ ღირებულებაზე დაფუძნებულ ერთობას შეუძლია გამარჯვების მოტანა.
სარეველაც მცენარეა, რომელიც სასარგებლო მცენარეების ადგილს იკავებს და თუ მას არ მოაშორებ, განადგურდება უფრო ფასეული – სარეველასთან ერთობა არც ბოსტანშია შესაძლებელი და არც პოლიტიკაში.
მეტი კონკრეტიკისა და სიზუსტისთვის კი აღვწერ, ზუსტად რა მოხდა მარტვილში და როგორი “რიგითი”, “რუსეთისა და რუსული ოცნების წინააღმდეგ” მებრძოლია ზაზა გოროზია.
სოფელი ჭყონი – დაუთმო ინჯიას და მოიგო ინჯიამ.
სოფლები კიწია, ნოღა, გურძემი – არჩევნებიდან მოხსნა ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარობის კანდიდატი და იქ მოიგო ოცნებამ. ეს სოფლები მოიგო ნაციონალური მოძრაობის მერობის კანდიდატმა თემურ ჯანაშიამ და პარტია ნაციონალურმა მოძრაობამაც. აქ მაჟორიტარობის კანდიდატი რომ გვყოლოდა, ისიც უთუოდ მოიგებდა.
სოფელ სალხინოში ჩვენი ძლიერი კანდიდატი მოხსნა, სუსტი დააყენა და ინჯიას კანდიდატს დაუჭირა მხარი – შედეგად აქაც მოიგო ინჯიამ.მარტვილის საკრებულოში სულ 36 მანდატია — 24 პროპორციული და 12 მაჟორიტარული. პროპორციული და მაჟორიტარული შედეგებისა და გაუნაწილებელი მანდატების შეჯამებით, ძალთა ბალანსი შემდეგნაირად გადანაწილდა:
“ქართული ოცნება” — 15 მანდატი
“ნაციონალური მოძრაობა” — 11 მანდატი
“გახარია – საქართველოსთვის” — 5 მანდატი
ინჯია — 4 მანდატი
“ევროპული საქართველო” — 1 მანდატიეს საკრებულო იქნებოდა ოპოზიციური, რომ არა ზაზა გოროზიას ლობირებით შესული ინჯიას პარტიის წევრები, რომელთაც მხარი დაუჭირეს ოცნებას. შესაბამისად, ოპოზიციურ მარტვილს ჰყავს საკრებულო, რომლის თავმჯდომარეც ოცნებიდანაა, ხოლო პირველი მოადგილე ინჯიას პარტიიდან”, წერს დღეს სოციალურ ქსელში ნიკა მელია.
ცოტა ხნის წინ, ზაზა გოროზიამ ნიკა მელიას გუშინდელ ბრალდებებს უპასუხა: "წააგაო ლევან ხაბეიშვილთან, რაც ვერ გადაიტანა. ჭორაობას, რასაც ის აწარმოებს პარტიის წინააღმდეგ, მე არ ვთვლი საჭიროდ, რომ მასთან დავიწყო რაიმე საუბარი… მოვიდეს პარტიაში, თქვას, რომ ჩემს მიმართ აქვს პრეტენზიები და მოუსმინოს ყველამ, რა პასუხს გასცემენ”. - აცხადებს გოროზია.
0
0