
პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საუბრობენ რაღაც გაერთიანებებზე, თავისი კოალიციებიც კი ეშლებათ, სუბიექტები გადიან - როგორ შეიძლება მათი წინადადება ჩვენ პრაგმატულ ნაბიჯად განვიხილოთ? - ამის შესახებ პარტია “გახარია საქართველოსთვის” წევრმა ბექა ლილუაშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემა “თავისუფალ სტუდიაში” განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ქვეყნის ევროპულ მომავალთან და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით პარტია სრულ კოორდინაციაშია სხვა ოპოზიციურ პარტიებთან, თუმცა, მისივე განმარტებით, გაერთიანება ან საერთო სია გამორიცხულია, რადგან ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს არ სურს, რომ “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში, თუმცა, ამავდროულად, არც ის სურს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში.
“ამ ადამიანებს და ამ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც საუბრობენ რაღაც გაერთიანებებზე, თავისი კოალიციებიც კი ეშლებათ და სუბიექტები გადიან მათი კოალიციიდან. საზოგადოება ამას რომ უყურებს, ადამიანები, რომლებიც ადვოკატირებენ ოპოზიციურ ერთობას, თავისივე პარტიებში ხდება დაშლა და გამოყოფა, ერთმანეთთან დაპირისპირება, აბსოლუტურად ერთმანეთთან დაპირისპირებული გზავნილების საზოგადოებისთვის მიწოდება - აი, აქ როგორ შეიძლება ჩვენი მხრიდან მათი წინადადება, როგორც პრაგმატული ნაბიჯი, ისე განვიხილოთ.
ერთის მხრივ, ამ ადამიანებისგან ერთობაზე საუბარი იმით არის განპირობებული, რომ შინაარსით არ შეუძლიათ სხვა რამეზე საუბარი, რომ საზოგადოებას სხვა რამ შესთავაზონ, სხვა გზა დაანახონ ხელისუფლების ცვლილების და მეორეს მხრივ, დამაჯერებლობა აკლია, იმიტომ, რომ ამ ადამიანებს თავად ეშლებათ კოალიციები.
რა ერთობაზეა საერთოდ საუბარი? ჩვენ ორი მიმართულებით (ამ ქვეყნის ევროპული მომავალი და ახალი არჩევნები) აბსოლუტურად სრულ კოორდინაციაში ვართ ყველა პოლიტიკურ ძალასთან ამ ქვეყანაში, მათ შორის, სალომე ზურაბიშვილთან, რომელიც არის მაკოორდინირებელი ამ პროცესის ოპოზიციურ ძალებს შორის. რა ერთობაზეა საუბარი, ასეთი ერთობა ჩვენთვის მიუღებელია მარტივი და პრაგმატული მიზეზის გამო - ამ ქვეყანაში ძალიან ბევრ ადამიანს, უმრავლესობას ნამდვილად არ სურს, რომ “ქართული ოცნება” დარჩეს ხელისუფლებაში, მაგრამ ადამიანების არანაკლებ რაოდენობას არც ის სურს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდეს ხელისუფლებაში”, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
0
0