
თავიდან ბოლომდე ბოდვაა, არანაირი პოლიტიკური დევნა არ განმიხორციელებია, კაციშვილმა არ იცის ვინაა ალი ბაბაევი. მისი პოლიტიკური წარსულის შესახებ არ მსმენია,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა.
აღნიშნულით მან მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიას კითხვას უპასუხა, ცნობდა თუ არა თავს დამნაშავედ.
ელისაშვილის თქმით, საქმეს არასწორი კვალიფიკაცია აქვს.
„მე, თურმე, ოპოზიციის წარმომადგენელი დავდევდი ქუჩაში „ქართული ოცნების“" წარმომადგენელს. არასწორი მუხლია და არანაირად თავს დამნაშავედ არ ვცნობ.
არასწორი კვალიფიკაციაა, იქით მომდევდა რკინის ჯოხით. რა თქმა უნდა, „მამა აბრაამის ბატკანი“ არ ვარ, არც მისი ცემა არ მინდოდა, სახელს არ შემმატებდა მისი ცემა, ჩემთვის მოვდივარ და მაგინებს. ალი ბაბევი და მისი მეგობარი, ვიღაც ირანელი შუა კოსტავაზე მაგინებენ, მე თავი უნდა დამეხარა? მე ასე არ მოვიქეცი. მისი ცემა არ მინდოდა, სანამ რკინის ჯოხით არ გამომეკიდა და კინაღამ თავი გამიტეხა. სასაცილოა, რაზეც ახლა ვმსჯელობთ. თურმე, მე პოლიტიკურად გავუსწორდი ადამიანს, კაცმა რომ არ იცის დედამიწაზე მისი პოლიტიკური საქმიანობის შესახებ, თვითონაც არ ახსოვდა, ალბათ, მერე უთხრეს „ქართულ ოცნებაში“,- განაცხადა ელისაშვილმა.
დაცვის მხარემ ახალი მტკიცებულების საქმეზე დართვა მოითხოვა. კერძოდ კი, როგორც ადვოკატები აცხადებდნენ, მათ შინაგან საქმეთა სამინისტროს ალი ბაბაევის წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართეს. განცხადებაში ადვოკატები უთითებენ, რომ ბაბაევის მხრიდან რკინის ჯოხით ელისაშვილის მკვლელობის მცდელობა განხორციელდა. სწორედ აღნიშნული განცხადების საქმეზე დართვა მოითხოვეს უფლებადამცველებმა. შუამდგომლობა მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.
ცნობისთვის, ალეკო ელისაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ელისაშვილი 4000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული.
შემთხვევა 2 დეკემბერს მოხდა. პროკურატურის ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილმა თბილისში, კოსტავას ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარეს და პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, ალი ბაბაევს პოლიტიკური ნიშნით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
0
0