
ოპოზიციის წევრები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები აცხადებენ, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა იყენებს სამართლებრივ ზეწოლას, რათა ოპონენტები დააშინოს და კრიტიკოსები გააჩუმოს, – ამის შესახებ ნათქვამია „პოლიტიკოს“ სტატიაში სახელწოდებით „ზელენსკის მმართველობის ბნელი მხარე“.
პუბლიკაციაში უკრაინის ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი ზეწოლის მაგალითად მოყვანილია უკრაინის ენერგოკომპანია „უკრნერგოს“ ყოფილი ხელმძღვანელის, ვოლოდიმირ კუდრიცკის მაგალითი, რომელსაც, სტატიის მიხედვით, 2024 წელს აიძულეს თანამდებობა დაეტოვებინა.
„მისი დათხოვნა ენერგეტიკულ სფეროში ბევრმა გააკრიტიკა და შეშფოთება გამოიწვია ბრიუსელშიც. მაშინ კუდრიცკი აცხადებდა, რომ ის გახდა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისა და მისი გავლენიანი ადმინისტრაციის უფროსის, ანდრეი ერმაკის მიერ ძალაუფლების ცენტრალიზაციის მსხვერპლი. მისი მხარდამჭერების აზრით, სწორედ ამგვარი განცხადებები გახდა მიზეზი, რომ კუდრიცკი გასულ კვირას კიევის სასამართლოში თანხების მითვისების ბრალდებით წარდგა“, – ნათქვამია სტატიაში.
„პოლიტიკოს“ ცნობით, საქმე ეხება კონტრაქტს, რომელსაც კუდრიცკიმ მოაწერა ხელი შვიდი წლის წინ, როცა „უკრნერგოში“ ინვესტიციების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. სტატიის მიხედვით, ქვეკონტრაქტორმა სამუშაოები საერთოდ არ დაიწყო, ხოლო „უკრნერგომ“ უკვე გადახდილი ავანსი უკან დაიბრუნა.
უკრაინის ყოფილი ვიცე-პრემიერის, ივანა კლიმპუშ-ცინცაძემ აღნიშნა, რომ „არც ქვეყნის შიგნით და არც საერთაშორისო პარტნიორებთან საქმე კარგად არ გამოიყურება“.
კლიმპუშ-ცინცაძის აზრით, დროც არასწორადაა შერჩეული, რადგანაც უკრაინა ახლა აქტიურად ითხოვს ენერგეტიკულ სფეროში დახმარებას ევროპიდან, იმ დროს, როცა ომის პირობებში ქვეყანა ყველაზე რთულ ზამთარს ელოდება.
სტატიაში ნათქვამია, რომ ზოგი უკრაინელი ენერგეტიკოსი შიშობს, კუდრიცკის საქმე შესაძლოა, წინასწარ „დანაშაულის გადაბრალების“ მცდელობა იყოს, თუ ქვეყნის ენერგოსისტემა ვერ გაუძლებს რუსეთის შეტევებს.
„პოლიტიკოს“ ცნობით, ოპოზიციონერი დეპუტატები და სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ამტკიცებენ, რომ უკრაინის ხელისუფლება სასამართლო პროცესებს ოპონენტების დასაშინებლად და კრიტიკოსების გასაჩუმებლად იყენებს. მათ ან კორუფციაში, ან რუსეთთან თანამშრომლობაში დადანაშაულებისთვის.
„პოროშენკომ ზელენსკი დაადანაშაულა „მცოცავ ავტორიტარიზმში“ და აღნიშნა, რომ ის ცდილობს „პოლიტიკური არეალიდან ყველა კონკურენტის გააქროს“, – ნათქვამია სტატიაში.
ოპოზიციონერი დეპუტატის, მიკოლა კნიაზიცკის აზრით, ხელისუფლების მხრიდან ოპონენტების დისკრედიტაცია მხოლოდ გაძლიერდება, რადგან პრეზიდენტის ადმინისტრაცია შესაძლოა, ემზადებოდეს არჩევნებისთვის, თუ ცეცხლის შეწყვეტა მოხერხდება.
„ისინი სასამართლოებს იყენებენ, რომ კონკურენტები მოიშორონ და არასამართლიანი არჩევნები ჩაატარონ“, – აღნიშნავს კნიაზიცკი „პოლიტიკოსთან“ საუბარში.
ამასთან, სტატიაში მოყვანილია ცნობილი ანტიკორუფციული აქტივისტისა და „ანტიკორუფციული ქმედების ცენტრის“ ხელმძღვანელის, დარია კალენიუკის მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, „უკრაინის პრეზიდენტი და მისი გარემოცვა ომს იყენებენ ძალაუფლების მონოპოლიზაციისთვის და ეს ქვეყნის დემოკრატიას ემუქრება“.
0
0
 
             
             
             
             
             
            