
ევროპარლამენტში ისტორიული კენჭისყრის დროს, მემარჯვენე ცენტრისტულმა „ევროპის სახალხო პარტიამ“ მიატოვა თავისი ტრადიციული ცენტრისტი მოკავშირეები და ულტრამემარჯვენე ჯგუფების მხარდაჭერით განაგრძო მუშაობა „მწვანე წესების“ შემცირების დამტკიცებისთვის. ინფორმაციას ამის შესახებ „პოლიტიკო“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ათწლეულების განმავლობაში არსებობდა არაფორმალური პაქტი ევროპის ცენტრისტულ ძალებს, „ევროპის სახალხო პარტიას“, სოციალისტებსა და დემოკრატებს, „განახლების“ ლიბერალებს და „მწვანეებს“ შორის, რათა ულტრამემარჯვენეები გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული არ ყოფილიყვნენ. „პოლიტიკოს“ ცნობით, „სახალხო პარტიის“ ეს გადაწყვეტილება ე.წ. სანიტარიული კორდონისთვის სასიკვდილო განაჩენი იყო.
სტატიის მიხედვით, ეს ევროკავშირის პარლამენტისთვის სხვა ეპოქის საწყისია, რომელშიც პოლიტიკური პრაგმატიზმი პრინციპებზე მაღლა დგას და „ევროპის სახალხო პარტია“ სამუშაოს შესასრულებლად ნებისმიერ მხარესთან თანამშრომლობს.
„საერთო ინტერესმა გაიმარჯვა, თუმცა ეს ასევე ჩვენი მუდმივად მზარდი ყოფნის ნაყოფია“, – განუცხადა „პოლიტიკოს“ კენჭისყრის შემდეგ საფრანგეთის „ეროვნული კრების“ ულტრამემარჯვენე „პატრიოტების“ თავმჯდომარემ, ჯორდან ბარდელამ.
„პატრიოტების“ წამყვანმა მომლაპარაკებელმა, პასკალ პიერამ, ამ დღეს „ისტორიული დღე“ უწოდა, რადგან მათ „ურსულა ფონ დერ ლაიენის უმრავლესობა დაარღვიეს“.
როგორც მწვანეთა ჯგუფის წარმომადგენლები მიიჩნევენ, ეს ცუდის ნიშანია კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბროლისთვის.
„ეს ცუდი ნიშანია ევროპული უმრავლესობისთვის, ეს ცუდი ნიშანია ევროპისთვის, ეს ცუდი ნიშანია კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და ბავშვთა შრომის დაცვისთვის… ჩემთვის ეს ძალიან, ძალიან ცუდი სიგნალია მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში თანამშრომლობისთვის“, – განუცხადა მწვანეთა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ტერი რაინტკემ „პოლიტიკოს“ კენჭისყრის შემდეგ.
„პოლიტიკო“ წერს, რომ ულტრამემარჯვენეების პარლამენტში გარღვევა ასახავს მათ ფართომასშტაბიან წინსვლას ეროვნულ პოლიტიკაში მთელ კონტინენტზე, რადგან ულტრამემარჯვენე პოლიტიკური პარტიები ამჟამად ლიდერობენ ეროვნული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში საფრანგეთში, დიდ ბრიტანეთსა და გერმანიაშიც კი.
0
0
17 ნოემბერს ელექტრომომარაგება შეიზღუდება
14/11/2025