08/06/2023
23:08
მსოფლიო
უკრაინა უსაფრთხოების სავალდებულო გარანტიებს ითხოვს გრძელვადიანი თავდაცვის უზრუნველსაყოფად. მოკავშირეები კი უბრალოდ ჯერ არ არიან მზად ამის გასაკეთებლად. აინტერესებთ თუ არა დიპლომატებს, რეალურად რას გულისხმობს „უსაფრთხოების გარანტია“? როგორც დიპლომატებმა განაცხადეს, კითხვები ღია რჩება, მაშინაც კი, როცა მოკავშირეებს სულ რაღაც ხუთი კვირა დარჩათ ვილნიუსში ნატოს სამიტზე შეკრებამდე. უკრაინა მოკავშირეებს მოუწოდებს, რომ შეკრებაზე მკაფიო ვალდებულებები აიღონ ქვეყნის ნატოში გაწევრიანებისა და მისთვის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფის შესახებ - წერს ამერიკული გამოცემა POLITICO სტატიაში სათაურით დასავლეთი არ არის მზად, უკრაინას მისცეს უსაფრთხოების დაპირებები, რომელიც მას სურს.
„უკრაინამ ყველაზე მეტი უარი მიიღო ნატოსგან. ჩვენ გვჭირდება გარკვეული პასუხი, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება გარდაუვალია და რომ არ შედგება რაიმე სახის გარიგება“, - განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის საკითხებში უკრაინის ვიცე-პრემიერმა ოლგა სტეფანიშინამ.
ამგვარად, კიევის მხარდამჭერები უხერხულ რეალობას ებრძვიან: ბევრს პრაქტიკულად არ სურს უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის კონკრეტული გრაფიკის შედგენა. მაგრამ მათ ასევე არ უნდათ, რომ უკრაინელები იმედგაცრუებული ან დაუცველები დატოვონ. დასავლეთ ევროპის რიგი ლიდერები სულ უფრო მეტად იბრძვიან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველსაყოფად და უფრო ოპტიმისტურ მიდგომას გვთავაზობენ წევრობის შესახებ.
”ზოგჯერ ძნელია იმის გაგება, რაზე ვსაუბრობთ,” - თქვა ანონიმურობის დაცვით აღმოსავლეთ ევროპელმა მაღალჩინოსანმა დიპლომატმა.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარალელი გაავლო „ისრაელის სტილის უსაფრთხოების გარანტიებსა და [ნატოს] სრულუფლებიან წევრობას შორის“ და მიუთითა იმაზე, რომ მოკავშირეები ისრაელს უწყვეტი სამხედრო დახმარებით წლების განმავლობაში უზრუნველყოფდნენ. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა კი თქვა, რომ მოკავშირეებს „სურთ დარწმუნდნენ, რომ ჩვენ უკრაინის უსაფრთხოებისთვის გრძელვადიან ზომებს მივიღებთ.“
თუმცა ამჟამინდელი და ყოფილი მაღალჩინოსნები ამბობენ, რომ უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე კონსენსუსი არ არსებობს და არც იმაზე, თუ ამ მხრივ, რა ფორმატი შეიძლება იყოს გამოყენებული.
”სპექტრის ერთ ბოლოში ნატოს სრულუფლებიანი წევრობაა. მეორე ბოლოში კი არის ის, რაც შეიძლება ჩაითვალოს „დოკუმენტურ გარანტიებად“, როგორიცაა, მაგალითად, 1994 წლის ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომლითაც უკრაინამ რუსეთის, აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოსგან არახელსაყრელი გარანტიები მიიღო. არსებობს მრავალი „ვარიანტი“ - ორმხრივი ხელშეკრულებებიდან დაწყებული დე ფაქტო პოლიტიკური ვალდებულებებით დამთავრებული - ამ ვითარებაში გამოწვევა კი „სწორი ადგილის“ პოვნაა,” - თქვა კამილ გრანმა, ნატოს გენერალური მდივნის ყოფილმა თანაშემწემ.
ერთ-ერთი ინიციატივა ე.წ. კიევის უსაფრთხოების შეთანხმებაა - კონცეფცია, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა შეიმუშავა ნატოს ყოფილ გენერალურ მდივანთან ანდერს ფოგ რასმუსენთან ერთად. ეს გეგმა ითვალისწინებს მოკავშირეთა ძირითადი ჯგუფის ვალდებულებას, რათა გააძლიერონ უკრაინის თავდაცვა მომავალი წლების განმავლობაში.
გარდა ამისა, დასავლეთში თავდაცვის ყოფილმა მაღალჩინოსანთა ჯგუფმა და ექსპერტებმა წამოაყენეს იდეა, რომელიც ორიენტირებულია გრძელვადიან თანამშრომლობასა და უკრაინის დახმარებაზე, სწრაფად გააფართოოს საკუთარი თავდაცვის სფერო. „ეს იქნება ისრაელის მიმართ აშშ-ის თავდაცვის ვალდებულების მსგავსი. ეს იქნება "შუალედური" შეთანხმება მანამ, სანამ უკრაინა არ შეუერთდება ნატოს“, - განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრე ვერშბოუმ 6 ივნისს ბრიუსელში გამართულ კონფერენციაზე.
თუმცა, ოფიციალური პირების თქმით, როდესაც პოლიტიკოსები „გარანტიებზე“ საუბრობენ, ისინი არსებითად გულისხმობენ სამხედრო დახმარების გაგრძელებას და არა კონკრეტულ დაპირებებს უკრაინის დასაცავად.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა სტეფანიშინამ დააზუსტა, რომ უკრაინა მოითხოვს გარკვეული სამხედრო ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც ფინეთმა და შვედეთმა მიიღეს ნატოში საკუთარი წინადადებების წარდგენის შემდეგ, უკრაინაში რუსული არმიის შეჭრიდან რამდენიმე კვირაში. ”ფინეთისა და შვედეთის მსგავსად, ჩვენ გვჭირდება უსაფრთხოების მკაფიო გარანტიები. და ეს გარანტიები უნდა ამოქმედდეს გარდამავალ პერიოდში უკრაინის ნატოში ფაქტობრივ გაწევრიანებამდე, როდესაც ჩვენზე გავრცელდება მე-5 მუხლი კოლექტიური თავდაცვის შესახებ,” - თქვა სტეფანიშინამ.
„განიხილავს თუ არა სერიოზულად რომელიმე ქვეყანა უკრაინის უზრუნველყოფას უსაფრთხოების ორმხრივი გარანტიებით? მხოლოდ მე-5 მუხლია მნიშვნელოვანი. იარაღის ხანგრძლივად მიწოდება უსაფრთხოების გარანტია არ არის,“ - თქვა ანონიმურობის დაცვით აღმოსავლეთ ევროპელმა დიპლომატმა.
0
0