03/12/2024
13:25
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ შსს-ს მოთხოვნა დააკმაყოფილა და პლატფორმა „ჰოლონის“ დამფუძნებელს, ჟურნალისტ ირაკლი წულაიას ადმინისტრაციული სახდელი 3000 ლარის ოდენობით შეუფარდა.
ირაკლი წულაიას პოლიცია რუსთაველის გამზირის დატოვებასთან დაკავშირებით შსს-ს მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.
ირაკლი წულაიას განცხადებით, აქციაზე 29 ნოემბრის ღამეს ახალი მისული იყო და მოწოდება არ გაუგია. იგი თავს დამნაშავედ არ ცნობს და პირიქით, საუბრობს სპეცრაზმელების მხრიდან მასზე თავდასხმის დეტალებზე.
წულაიას განცხადებით, არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენდა, „აქციაზე ძმასთან ერთად მშვიდობიანად იმყოფებოდა, რა დროსაც მას და მის ძმას რამდენიმე სპეცრაზმელი დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა“. წულაიას სახეზე ფიზიკური დაზიანებებიც აღენიშნება.
მისი თქმით, მოსამართლე ზვიად ცეკვავას წარუდგინეს მისი ცემის ამსახველი ვიდეოკადრები, თუმცა „არ დაინტერესდა, არც ვიდეომასალით და არც დაზიანებებით. მოსამართლე გადაწყვეტილების გამოტანისას შსს-ს მიერ წარდგენილ კადრებს დაეყრდნო, სადაც საერთოდ არ ვჩანდი, ასევე პოლიციელების ურთიერთგამომრიცხავ ჩვენებებს“.
წულაიას ადვოკატის, გიორგი ტაბატაძის განცხადებით, მოსამართლე ზვიად ცეკვავას გადაწყვეტილებას ზემდგომ ინსტანციაში გაასაჩივრებენ.
ირაკლი წულაიასთან ერთად მოსამართლემ კიდევ ერთი პირის, აქტივისტის, ირაკლი დიასამიძის ადმინისტრაციული საქმე განიხილა და მას 4500-ლარიანი ადმინისტრაციული სახდელი დააკისრა.
დაუმორჩილებლობის გარდა ირაკლი დიასამიძეს წვრილმან ხულიგნობაშიც ედავებიან. დიასამიძესაც სახეზე ფიზიკური დაზიანებების კვალი აღენიშნება, მისი განცხადებით, 29 ნოემბრის ღამეს სამართალდამცველებმა მასზე იძალადეს, ჯგუფურად თავს დაესხნენ და სცემეს იმ დროს, როდესაც მისი თქმით, საფრთხეს არ წარმოადგენდა.
ორივე პირმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პოლიციელების წინააღმდეგ გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა.
დღეს სასამართლოში ასევე სხვა პირების ადმინისტრაციული საქმეების განხილვა იგეგმება.
0
0