
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 4 სამართალდამცავი, თბილისსა და აჭარაში, ჩატარებული გამოძიების შედეგად, ძალადობრივ დანაშაულში ამხილა.
სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ინსპექტორი გ.ჭ, რომელმაც 2022 წლის ნოემბრის თვეში, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხალაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხოლო შემდგომში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.
დანაშაულში მხილებულია ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი გ.გ., რომელიც 2023 წლის 8 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტში, ყოფით ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტისას ცეცხლსასროლი იარაღით, სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს. საქართველოს პროკურატურამ აღნიშნულ პირს ბრალდება მუქარისთვის წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ დანაშაულში მხილებულია ასევე დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელი ს.ა., რომელიც მეუღლეს, სისტემატურად აყენებდა შეურაცხყოფას და ამცირებდა. მიმდინარე წლის აგვისტოში კი მეუღლეს მათი შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ბრალდებული დაკავებულ იქნა ოჯახში ძალადობის და მუქარისთვის. დანაშაული 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დანაშაულში მხილებულია ასევე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელი ლ. კ. რომელმაც 2023 წლის 2 ივლისს, ქ. გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა მოქალაქეს.
საქართველოს პროკურატურამ სამართალდამცავს ძალადობისა და მუქარისთვის ბრალდება წარუდგინა.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური მისი მანდატის ფარგლებში ინტენსიურად აგრძელებს არასათანადო მოპყრობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების და სხვა ძალადობრივი დანაშაულების გამოძიებას.
გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია.
0
0