20/05/2022
11:39
სამართალი
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 15 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული კ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.
სამართალდამცველებმა ბრალდებულის პირადი ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცების სახით ცეცხლსასროლი პისტოლეტი და ხუთი ვაზნა ამოიღეს.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.ტ., ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, თელავის მუნიციპალიტეტში დააკავეს. პოლიციამ ბრალდებულის პირადი ჩხრეკისას სამი ცეცხლსასროლი იარაღი და 23 ვაზნა ამოიღო.
სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უბნის ინსპექტორების და ზუგდიდის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს, ორი პირი – 1972 წელს დაბადებული თ.კ. და 1989 წელს დაბადებული გ.დ. დააკავეს.
მათ ბრალი ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვაში ედებათ.
სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, თ.კ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, მჭიდი და 30 ვაზნა, ხოლო ქალაქ ზუგდიდში, გ.დ.-ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, ორი მჭიდი და 75 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ხონის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა 1979 წელს დაბადებული ზ.ჩ. ხონში იმავე ბრალდებით დააკავეს. პოლიციამ, ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის და დამხმარე სათავსოს ჩხრეკის შედეგად, ნივთმტკიცებად ამოიღო: მაკაროვის სისტემის ცეცხლსასროლი პისტოლეტი, ორი მჭიდი და 99 საბრძოლო ვაზნა.
დანაშაულები სამიდან შვიდ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით მიმდინარეობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
0
0