
ბოლო რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება თბილისის ქუჩებში დატოვებული ნახატები და წარწერები, რომელიც საზოგადოების ნაწილმა რუსულ საოკუპაციო სიმბოლიკას დაუკავშირა.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადგინა იმ ადამიანის ვინაობა, ვინც ამ ყველაფერს აკეთებდა.
"აღნიშნული პირი იდენტიფიცირებულია, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები არ გამოიკვეთა, დაწყებულია ადმინისტრაციული სამართალწარმოება, საქმე სარეაგირებოდ გადაეცემა შესაბამის სამსახურს", - აცხადებენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, ასევე იპოვეს ის ბავშვი, რომელიც თბილისში, ფალიაშვილის ქუჩაზე არსებულ წარწერებს საღებავით ღებავდა.
ამასთანავე, „პრაიმტაიმი“ ავრცელებს ინფორმაციას, რომ პირი, რომელიც ქალაქში აღნიშნულ ნახატებს აკეთებდა. თბილისში მცხოვრები ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც თბილისის ცენტრში არსებულ ერთ-ერთ ბარში მზარეულად მუშაობს. "პრაიმტაიმის" ინფორმაციით, მამაკაცი ხშირად ხატავს, მას ჰყავს შინაური ცხოველი, რომელსაც "შიშა" ჰქვია და ბოლო დროს სწორედ მას ხატავდა თბილისის ქუჩებში. ახალგაზრდა მამაკაცი პოლიციის განყოფილებაში რამდენიმე საათის განმავლობაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა.
0
0