03/12/2024
20:35
საზოგადოება
სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები, მეხუთე დღეა უწყვეტად ხვდებიან აქციაზე დაკავებულ და დაზიანებულ მოქალაქეებს, რომელთა უმრავლესობა პოლიციის მხრიდან უმძიმეს მოპყრობაზე მიუთითებს. ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველის აპარატი ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს და დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს.
„მძიმე დაზიანებები, უმრავლეს შემთხვევაში, სახის, თვალის და თავის მიდამოში აქვთ მიღებული, რაც იმთავითვე პრაქტიკულად გამორიცხავს იმის ალბათობასაც კი, რომ პოლიცია, ყველა ჯერზე, მათ მიმართ საჭირო, პროპორციულ ძალას იყენებდა. დაზიანებების ლოკაცია, ხასიათი, ხარისხი სარწმუნო წარმოდგენას ქმნის იმასთან დაკავშირებით, რომ პოლიცია დასჯის მიზნით იყენებს მოქალაქეების მიმართ ძალადობრივ მეთოდებს.
დასჯის მიზნით განზრახი, მძიმე ძალადობა წამების ქმედებას წარმოადგენს.
ამჯერად გვსურს, საზოგადოებას დამატებით მივაწოდოთ აქციებზე დაკავებული პირების შესახებ ინფორმაცია. ამ დროისთვის აპარატმა ჯამში 201 პირი მოინახულა, მათ შორის, ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში მყოფი 21 წლის ბიჭი, რომლის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია მედიაში აქტიურად ვრცელდება.
წინა დღეებში გავრცელებული მონაცემების შემდეგ, რწმუნებულებმა 1-3 დეკემბერს დამატებით მოინახულეს თბილისის, ბაღდათის, გორისა და ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორებში, ასევე კლინიკებში, განთავსებული 75 პირი, რომელთაგან სპეციალური დანიშნულების რაზმის წევრების მხრიდან არასათანადო მოპყრობაზე 56 პირმა მიუთითა (21-მა მათგანმა რეაგირება არ ისურვა). დაკავებულთაგან 44-ს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნებოდა.
სამწუხაროდ, დაკავების გარემოებებთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაცია არ განსხვავდება წინა დღეებში დაფიქსირებული პრაქტიკისგან. საყურადღებოა, რომ ბოლო დღეებში, არაერთი დაკავებული მიუთითებს დაკავების შემდეგ პირადი ნივთების ჩამორთმევის ფაქტებზე.
სახალხო დამცველის აპარატი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს პერმანენტულად აწვდის მოქალაქეთაგან მიღებულ და მედიასაშუალებებით გავრცელებულ ინფორმაციას შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ შემდგომი სამართლებრივი რეაგირების მიზნით. აპარატი ასევე განახორციელებს შესაბამის რეაგირებას დაკავებული მოქალაქეებისთვის პირადი ნივთებისა და ტანსაცმლის ჩამორთმევის ფაქტებზე.
სახალხო დამცველის რწმუნებულები ამ წუთებშიც აგრძელებენ ვიზიტებს და საზოგადოებას დამატებით ინფორმაციას მივაწვდით.
სახალხო დამცველი მოუწოდებს შინაგან საქმეთა მინისტრს - საჯაროდ დაგმოს პოლიციის მხრიდან თითოეული ძალადობის ფაქტი და უზრუნველყოს ეფექტიანი ღონისძიებების გატარება, რათა აღიკვეთოს პოლიციელების მხრიდან ყოველგვარი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
0
0