
პლენარული სხდომის ამსახველი ვიდეო მტკიცებულებები ადასტურებს, რომ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის დროს გამართულ კენჭისყრაზე უმრავლესობის 5 წევრი პარლამენტში არ იყო - თუ ვინმეს თვალი აქვს და ამის დანახვა უნდა, დაინახავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განუცხადა.
ხვიჩიას თქმით, ამის შესახებ ინფორმირებულია პრეზიდენტი და ინფორმაციას ასევე მიიღებს საერთაშორისო საზოგადოება.
„უმრავლესობის ერთ-ერთმა დეპუტატმა დაადასტურა კიდეც, რომ სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა და ზოგადად, "ქართული ოცნების" დეპუტატები ადასტურებენ, რომ ვინც კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო, სხდომათა დარბაზში არ იმყოფებოდა. არ ვიცი, ვიდეო მტკიცებულებებისა და აღიარების გარდა, კიდევ რა მტკიცებულება უნდა მოვიტანოთ. თუ ვინმეს თვალი აქვს და ამის დანახვა უნდა, შეუძლია დაინახოს", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პრეზიდენტის ადმინისტრაცია „საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის პროცედურასთან დაკავშირებით პარლამენტს მიმართავს და 3 ივლისს ჩატარებულ კენჭისყრაზე დეტალურ ინფორმაციას მოითხოვს.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების არჩევის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო 3 ივლისს დაძლია. თავდაპირველად კენჭი პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ კანონის პროექტს ეყარა, რომელსაც მხოლოდ 22 დეპუტატმა დაუჭირა მხარი. წინააღმდეგ ხმა პარლამენტის 33-მა წევრმა მისცა. ამის შემდეგ კენჭისყრაზე პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღებული და პრეზიდენტის მიერ ვეტოდადებული კანონპროექტი დადგა, რომელიც მმართველმა უმრავლესობამ 78-ხმით დაამტკიცა (14 წინააღმდეგი). კენჭისყრის ეს შედეგები პლენარულ სხდომაზევე ეჭვქვეშ დააყენა პოლიტიკურმა გაერთიანებამ "გირჩი", რომლის ინფორმაციით, “საარჩევნო კოდექსზე“ პრეზიდენტის ვეტოს დაძლევისას პლენარულ სხდომათა დარბაზში უმრავლესობის მხოლოდ 72 დეპუტატი იმყოფებოდა. “გირჩმა“ ხმების ხელახალი გადათვლა მოითხოვა, თუმცა სხდომის წამყვანმა შალვა პაპუაშვილმა ხმების გადათვლის თაობაზე ოპოზიციონერი კოლეგის მოთხოვნა არ გაითვალისწინა.
0
0