
ვფიქრობ, სიამაყით უნდა მიიღოთ, რომ საერთაშორისო ლიბერალური მედია თავს გესხმით, რადგან ეს ხდება თქვენი სუვერენიტეტული და პატრიოტული პოლიტიკური სტრატეგიის გამო, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ქართველი ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
სიიარტოს კითხვა დაუსვეს „ბიბისის“ მიერ გამოქვეყნებულ მასალასთან დაკავშირებით.
„ფეხდაფეხ თუ მიჰყვები მეინსტრიმს, სრულ თანხვედრაში თუ ხარ მეინსტრიმთან, ასრულებ ბრიუსელიდან წამოსულ ინსტრუქციებს, მაშინ საერთაშორისო მედია ბედნიერი იქნება შენით, მაგრამ მაშინ არაფერს აკეთებ შენი ქვეყნისთვის. ასე რომ, როგორც კი მეინსტრიმის წინააღმდეგ წახვალ, როგორც კი შენ არ ხარ მზად, სრულად იყო თანხვედრაში ლიბერალურ იდეოლოგიურ მეინსტრიმთან, მაშინ მუდამ თავდასხმის სამიზნე იქნები. ამას უნდა შეეგუოთ. მთავარია, რას ფიქრობს თქვენი ხალხი. თუ გინდა, დააკმაყოფილო შენი ხალხი და არა საერთაშორისო მედია, მაშინ შენ მოიგებ არჩევნებს და თავს დაგესხმება საერთაშორისო მედია. ჩემი აზრით, ეს უფრო კარგი კომბინაციაა, ვიდრე პირიქით. ნამდვილად არ გვსურს, საერთაშორისო მედია გვიჭერდეს მხარს და არჩევნები წავაგოთ. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას. გავაგრძელებთ ევროკავშირის ლიდერებისთვის იმის თქმას, რომ მათ უნდა სცენ პატივი თქვენს ქვეყანას, მათ პატივი უნდა სცენ თქვენს მთავრობას და არასდროს დავეთანხმებით საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, შევინარჩუნებთ უვიზო რეჟიმს ქართველებისთვის. იმედი გვაქვს, ევროპული პოლიტიკის პატრიოტული ცვლილება მალე მოხდება და მაშინ თქვენ თავს აღარ დაგესხმებიან. ეს არის სტრატეგია, რომელიც შემიძლია, შემოგთავაზოთ“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
ცნობისთვის, „ბიბისიმ“ გამოაქვეყნა მასალა, სათაურით: „„ბიბისის“ მტკიცებულებების თანახმად, ქართველი დემონსტრანტების წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენეს“. კერძოდ, „ბიბისი“ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღის სავარაუდო გამოყენებაზე საუბრობს. მედიასაშუალება წყაროდ ასახელებს პედიატრ კონსტანტინე ჩახუნაშვილს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილ უფროსს, ლაშა შერგელაშვილს, ექსპერტ კრისტოფერ ჰოლშტეგეს. რესპონდენტები არიან აგრეთვე ეკა გიგაური და გიორგი ბაჩიაშვილი. „ბიბისის“ მასალაში ლაშა შერგელაშვილი აცხადებს, რომ, „მისი აზრით, ეს იგივე ნივთიერებაა, რომლის გამოცდაც მას წყლის ჭავლისთვის 2009 წელს სთხოვეს“. ამასთან, „ბიბისის“ ცნობით, „გამოძიების შედეგებს საქართველოს ხელისუფლებაში აბსურდული უწოდეს და განაცხადეს, რომ პოლიციამ კანონიერად იმოქმედა სასტიკი დამნაშავეების უკანონო ქმედებების საპასუხოდ“.
ამასთან, „ქართულმა ოცნებამ“ განცხადება გაავრცელა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება, „ბიბისის“ წინააღმდეგ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივი დავა დაიწყონ.
1
0