
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი პიტერ სიიარტო აცხადებს, რომ კატეგორიულად გმობს და უარყოფს ევროკავშირის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, დიპლომატიური პასპორტის მფლობელებს შეუჩერდათ ევროკავშირში უვიზო მიმოსვლა.
„ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ და ვგმობთ ევროკავშირის ამ გადაწყვეტილებას. ეს სიგიჟეა – არჩევნებში პატრიოტული პარტია თუ იმარჯვებს, ევროკავშირი მიიჩნევს, რომ დემოკრატია საფრთხეშია. ნუ გვიყურებთ ისე, თითქოს სულელები ვიყოთ. ჩვენ ამას ძალიან მარტივად ვხედავთ: არჩევნებში პატრიოტები თუ იმარჯვებენ, მაშინ ევროკავშირი ამბობს, რომ დემოკრატია მკვდარია, ხოლო თუ ლიბერალები იმარჯვებენ, დემოკრატია საუკეთესო ფორმაშია. ეს ძალიან აშკარაა. ჩვენ ქართველების მხარეს ვართ. მოუთმენლად ველოდებით პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მიღებას შაბათ-კვირას ბუდაპეშტში. საქართველოს მთავრობას შეუძლია, ჩვენი იმედი ჰქონდეს ყველაფერში. ჩვენ ნამდვილად პატივს ვცემთ თქვენს პატრიოტულ პოლიტიკას. შემიძლია, გითხრათ, რომ მთლიანობაში ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა დიდი მარცხია. ეს უზარმაზარი მარცხია და საბოლოოდ ის უნდა დავივიწყოთ“, – განაცხადა სიიარტომ.
ამასთან, სიიარტოს ჰკითხეს, „რა ინფორმაცია აქვს საქართველოში ჟურნალისტის და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების პატიმრობის შესახებ“, რაზეც სიიარტომ უპასუხა, რომ „არაფერი იცის“. ასევე, სიიარტოს დაუსვეს კითხვა, „თუ აქვს ინფორმაცია, რომ ხალხი ქუჩაში დგას და ევროპული ღირებულებებისთვის იბრძვის“.
„მე არაფერი ვიცი იმ საკითხზე, რაც თქვენი კითხვის პირველ ნაწილში ახსენეთ. რაც შეეხება მეორე ნაწილს, საქართველოში ჩატარდა დემოკრატიული არჩევნები და ხალხმა გადაწყვიტა, რა მიმართულებით სურს ქვეყნის განვითარება. ის ფაქტი, რომ იმართება აქციები, დემოკრატიის ნაწილია. ვიდრე აქციების ჩატარება შესაძლებელია, ეს ნიშნავს, რომ დემოკრატია არსებობს“, – განაცხადა პიტერ სიიარტომ.
1
0