
„ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, პირველი რიგის ამოცანა უნდა იყოს არა ახალი არჩევნების გეგმა, არამედ სისტემის დემონტაჟი.
როგორც მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“, მეხუთე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოქვეყნებულ „ახალი არჩევნების გეგმაზე“ საუბრისას აღნიშნა, თუნდაც არჩევნების ჩატარების თანხმობის შემთხვევაში, საარჩევნო პუნქტების ეფექტურობას განსაზღვრავს ის, დათმობს თუ არა ბიძინა ივანიშვილი ძალაუფლებას.
მისივე თქმით, „ვერანაირი გარანტია ვერ იქნება იმის, რომ შემდგომი არჩევნები არ იქნება იმავენაირად ჩატარებული“.
„უნდა მოვრჩეთ თავის მოტყუებას და როცა ვსაუბრობთ ივანიშვილზე, ის ახდენს დიქტატურის კონსოლიდაციას. მას არ ჩაუნიშნავს და არც ეტყობა, რომ უახლოეს დღეებში აპირებს არჩევნების ჩანიშვნას. ორიენტირებულები უნდა ვიყოთ ამ სისტემის დემონტაჟზე. თუნდაც არჩევნების ჩატარების თანხმობის შემთხვევაში, იმ პუნქტების ეფექტურობას განსაზღვრავს ის, დათმობს თუ არა ივანიშვილი ძალაუფლებას. თუ სუს-ი ისევ იქნება ივანიშვილის განკარგულებაში, თუ ძალოვანი სტრუქტურები იქნებიან მის განკარგულებაში, ეს სისტემა მახინჯი დარჩა, არჩევნებს აზრი არ აქვს. ჩვენ თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ არჩევნები გაყალბდა და არ გამოხატავდა ქართველი ხალხის ნებას, ვერანაირი გარანტია ვერ გვექნება იმის, რომ შემდგომი არჩევნები არ იქნება იმავენაირად ჩატარებული. ორი მთავარი მოთხოვნა რაცაა, ეს ორი მოთხოვნა რეალისტურია, თუ მოხდება სისტემის დემონტაჟი. ვთქვათ, სინდისის პატიმრები გათავისუფლდნენ. არაერთხელ გვინახავს, როცა პატიმრებით უვაჭრია ივანიშვილს. ერთი ტალღა რომ მორჩება, შეიძლება მეორე ტალღა დაიწყოს უახლოეს თვეებშიც და დღეებშიც კი. იმიტომ, რომ ასეთია ივანიშვილის ბუნება. როცა ვსაუბრობთ არჩევნებზე, რაღაც დათმობებზე ყოველთვის წასულა ივანიშვილი, მაგრამ ისევ იმიტომ წასულა, რომ იცოდა, სად უნდა გადავეგდეთ მომავალში.
საპროტესტო მასა, ვინც ქუჩაშია გამოსული, ეს ხალხი ორიენტირებულია ამ სისტემის ჩამოშლაზე. გასაგებია, რომ რაც უფრო მეტად შეთანხმებულები ვიქნებით, თუნდაც საარჩევნო წესებზე, შეიძლება ამას გარკვეული ფორმა მივცეთ ხოლმე, მაგრამ ჯერ უნდა გადახტე და „ჰოპ“ მერე დაიძახო. კარგი იქნება, რომ შევთანხმდეთ საერთო თამაშის წესებზე, მაგრამ ვხედავთ, კაცი ყოველდღე იღებს კანონებს, რომელიც თავისუფალ მედიას ახშობს, კრიტიკულ აზრს ახშობს, ოპოზიციას აუქმებს, კომისია შექმნა პუტინის გამართლების და აპირებს, რომ ყველა ვინც 2003-2012 წლებში მონაწილეობდა საქართველოში დემოკრატიული ტრანსფორმაციის პროცესში, დასაჯოს. მანამდე იყო მცოცავი ავტორიტარიზმი. იყო რეჟიმი, რომელიც იყო ავტორიტარული, თუმცა ჰქონდა გარკვეული თავისუფლების სივრცეები დატოვებული საზოგადოებაში. თავისუფალი მედიის სახით, რომელიც იდევნებოდა, მაგრამ მაინც იყო, ოპოზიციური პარტიების სახით. ახლა ეს კაცი არის ავტორიტარიზმის ბოლო ფაზაში. დიქტატურის კონსოლიდაცია ხდება. ამ დროს საუბარი, რომ შევთანხმდით ამ და ამ პუნქტებსა და მოთხოვნებზე ...
როცა ვსაუბრობთ ივანიშვილის რეჟიმზე, ეს არის დიქტატურის ფაზაში მყოფი რეჟიმი, რომელიც შიშველ ძალაზეა დაყრდნობილი. არანაირი საერთაშორისო და ადგილობრივი ლეგიტიმაცია ამ რეჟიმს არ გააჩნია. როცა ასეთ რეჟიმს ებრძვი, რა თქმა უნდა, ვერ დაამარცხებ რეზოლუციებით, მხოლოდ განცხადებებით და თუნდაც, კვირაში რამდენჯერმე შეკრებით. რა თქმა უნდა, შეტევაზე უნდა გადავიდეთ. ეს ყველამ კარგად იცის, რომ ქართველი ხალხი უნდა იყოს შეტევაში, მხოლოდ ამ შემთხვევაში დამარცხდება მსგავსი ტიპის რეჟიმი. ფორმულა არის ერთი - ეროვნული წინააღმდეგობის ბევრი კერა უნდა არსებობდეს და ყველა პოლიტიკური აქტორი, სამოქალაქო აქტივისტები, საზოგადოების ჯგუფები უნდა იყვნენ ამ პროცესში ჩართულები“, - განაცხადა ფავლენიშვილმა.
რაც შეეხება კიდევ ერთ საკითხს დიდთოვლობასთან დაკავშირებულ პრობლემას, როგორც მან აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი გურიაში იმყოფება, ის მოქალაქეების დახმარებაში პირადად არ არის ჩართული, რაც ამორალურია.
„დაწყებული ივნისის ტრაგედიით, ყველა ტრაგედიის დროს ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის ის, რომ რეაგირება არ ხდება და არ ემზადება სათანადოდ. მერე სპეცტექნიკა არ არის ხოლმე საკმარისი და შესაბამისი. როცა ამბობენ ხოლმე მიხეილ სააკაშვილის ვიდეოებს აშეარებენო, იმიტომ ვაშეარებთ, რომ ასე უნდა იქცეოდეს ნორმალურ ქვეყანაში პასუხისმგებელი ხელისუფლება. ადამიანი რომ ჩადის, ეს პოპულიზმი კი არა არის. ეს არის იმედი სხვისთვის, ვინც იქ იმყოფება, რომ შენი ქვეყნის, თუნდაც არალეგიტიმური ხელისუფალიც იქაა. ჩავიდა კობახიძე, მაგრამ ყველაფერს ხომ თავისი მორალი აქვს? - გუშინდელ ფოტოზე მოახერხეს და მეც კი მომეშალა ნერვები. ჩემი მეგობრები, პარტიის წევრები ყოველდღე მიგზავნიან ვიდეოებს, როგორ არიან თოვლში ჩაფლულები და ეხმარებიან ადგილობრივებს. ამ დროს ეს ხალხი ვითომ ჩავიდა ადგილზე, იღებს ფოტოს, რომელიც შეიძლება გადაიღო კლუბში, რესტორანში.. პიჯაკი აცვიათ, გამოწყობილები არიან და ისეთი აურაა შექმნილი, თითქოს და ყველაფერი კარგადაა, ხალხი არ იღუპება დიდთოვლობის გამო, უშუქოდ არ არის დარჩენილი, მიტოვებული არაა. ასეთი სურათის დადება უბრალოდ მორალური საკითხია, პოლიტიკაზე აღარაა საუბარი. მსგავსი რამის გაკეთება ამორალურია. ეს იმიტომ ხდება, რომ როცა დიქტატურაში ცხოვრობ და დიქტატურას ხელს აწერ, მორალს კარგავ. რაც უფრო დრო გავა, მით უფრო ამორალური გახდება ეს ხალხი და მით უფრო ამორალური იქნება ჩვენი მდგომარეობაც. უფრო მეტ ამორალურობას იკადრებენ და უფრო მეტად აბუჩად აიგდებენ და დაამცირებენ ქართველ ხალხს. ამ ხალხმა არ იცის საზოგადოებამ, რატომ შექმნა მთავრობა, პოლიტიკური სისტემა. იმიტომ შექმნა, რომ უკეთესად და უსაფრთხოდ იყოს. თუ სიცოცხლეს ვერ დაიცავენ და ჩვენი გადახდილი გადასახადებით წყლის ჭავლის მანქანას იყიდიან, ჩვენს დასარბევად და არა სპეცტექნიკას, რომელიც მსგავს სიტუაციაშია საჭირო, დიახაც, მოვთხოვთ, ყველაზე მეტად ამას მოვთხოვთ“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.
0
0