საქართველოს ნაკრებმა პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.
საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა.
მატჩის ძირითადი დრო, ისევე როგორც პირველი ტაიმი, ასევე უგოლოდ, 0:0 დასრულდა.
პირველ ტაიმში ჯვაროსნების შეტევისას, 44-ე წუთზე, ჩაკვეტაძის საჯარიმოდან დარტყმული, ბერძნების მეკარემ კუთხურზე მოიგერია. ტაიმის დასასრულს შეხლა-შემოხლაც მოხდა, რის შემდეგაც მსაჯმა ჩვენი სათადარიგო მეკარე ლორია და ბერძნების ერთ-ერთი მწვრთნელი გააძევა.
მეორე ტაიმში კი სტუმრების მორიგი უხეშობის შედეგად დაშავდა ლევან შენგელია. შენგელია სტადიონიდან საკაცით გაიყვანეს. ის წიტაიშვილმა შეცვალა.
ტრავმის გამო, 110-ე წუთზე შეიცვალა ხვიჩა კვარაცხელიაც.
მატჩი „დინამო არენაზე“ მიმდინარეობდა.
მატჩის პარალელურად, პირველი რესპუბლიკის მოედანზე თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მიერ ორგანიზებული ღონისძიება მიმდინარეობს და ტერიტორიაზე ფეხბურთის გულშემატკივრებისთვის დიდი ეკრანი განთავსდა.
დღევანდელ მატჩში გამარჯვებული გერმანიაში გასამართ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ეს საქართველოს ეროვნული ნაკრებია.
0
0