
ყველაფერთან დაკავშირებით, პირველ რიგში, პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია გამოძიების ფარგლებში, ნებისმიერ ქვეყანაში ასე ხდება. ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება პროკურატურის მიერ და თუ კიდევ რჩება კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ შოვის სტიქიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით განაცხადა.
კობახიძის თქმით, ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს არ უჭერენ.
„რაც შეეხება საგამოძიებო კომისიას, გამოძიება არის დაწყებული პროკურატურის მიერ. რა თქმა უნდა, არის უამრავი საკითხი, რასაც პასუხი უნდა გაეცეს, თუმცა ამისთვის კომპეტენტური ორგანო არის პროკურატურა, რომელიც სიღრმისეულად შეისწავლის ყველა დეტალს. ჯერ ინფორმაციაც კი არ არის გამოქვეყნებული იმასთან დაკავშირებით, რა იყო ადგილზე ვითარება, როგორ იყო ნაპოვნი ადამიანების ცხედრების ადგილმდებარეობა და ასე შემდეგ. ყველაფერთან დაკავშირებით, პირველ რიგში, პროკურატურამ უნდა წარადგინოს დეტალური ინფორმაცია, გამოძიების ფარგლებში და ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ჯერ წარიმართება სტანდარტული გამოძიება შესაბამისი უწყების მიერ, ამ შემთხვევაში საქართველოში ეს არის პროკურატურა და თუ კიდევ რჩება რაიმე კითხვები, ამის შემდეგ შეიძლება შეიქმნას საგამოძიებო კომისია. ეს არის რეალური მიზეზი, რატომაც ჩვენ ამ საგამოძიებო კომისიის შექმნას მხარს ვერ დავუჭერთ, თუმცა სრულად იქნება უზრუნველყოფილი გამჭვირვალობა, ყველაფრის გამჭვირვალობა და ამაზე პირველ რიგში, პასუხისმგებელია ხელისუფლება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
0
0