15/02/2022
14:55
პოლიტიკა
პირდაპირ მინდა მივმართო ირაკლის კობახიძეს და ვკითხო, რატომ აიძულა სენაკის საკრებულოს ოცნების დეპუტატები, არ მიეღოთ ჩვენი შეთავაზება სენაკის საკრებულოს თავმჯდომარედ ოცნების კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით“ - ასე მიმართა პარტია „საქართველოსთვის“ პოლიტ საბჭოს წევრმა და დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა ირაკლი კობახიძეს საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე.
მიხეილ დაუშვილმა აღნიშნა, რომ პარტია „საქართველოსთვის“ მიზანია საზოგადოებას უთხრას სიმართლე თუ როგორ მოქმედებს ორგანიზაცია ოცნება იმ საკრებულოებში, სადაც მოქალაქეებმა მას ერთპიროვნული და ერთპარტიული მართვის პრეროგატივა ჩამოართვეს.
„ზუგდიდის, რუსთავის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს და სენაკის საკრებულოებში წარმოდგენილი პოლიტიკური პარტიების, პირველ რიგში კი ოცნების უპასუხისმგებლო ქმედებებისა და ბოიკოტირების რეჟიმის გამო, რამდენიმე თვე საკრებულოები ვერ მუშაობდა და ვერ ასრულებდა თავის საბაზისო ფუნქციას, როგორიცაა მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოების, თანამდებობის პირების საქმიანობისა და ბიუჯეტის შესრულების კონტროლი, რომლის დამტკიცების შესაძლებლობა წინა მოწვევის საკრებულომ ზუგდიდელებს ქურდულად მოპარა. საკრებულოს ვერ ფუნქციონირება პირდაპირ აისახება მუნიციპალიტეტის საქმიანობის არაეფექტურობასა და მოსახლეობის უმძიმეს ყოველდღიურობაზე. ოცნება ვერ ეგუება ფაქტს, რომ ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი მუნიციპალიტეტების ერთპიროვნული მართვა აღარ შეუძლია. ამიტომ დაშინების, მოსყიდვის, მუქარის და სხვა უკანონო მეთოდებით ცდილობენ უმრავლესობის მოპოვებას. „ოცნების“ ხელმძღვანელების განცხადებები არის პირდაპირი აღიარება, როგორი კრიმინალური მეთოდებით ცდილობს „ოცნება“ პოლიტიკური რეალობის ცვლილებას და უმრავლესობის მოპოვებას ამ მუნიციპალიტეტებში“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
მისი თქმით, „ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები ვერაფერს წყვეტენ და მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება-არფუნქციონირება კობახიძის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული.
„საზოგადოებისთვის კარგადაა ცნობილია, გასულ კვირას, სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოში განვითარებული პროცესები, თუ როგორ ცდილობდა „ოცნება“, პროცედურული ომით აეხსნა სენაკის მოსახლეობისთვის გამოცხადებული ბოიკოტი და უპასუხისმგებლო დამოკიდებულება.
ვინაიდან ჩვენთვის არცერთი პოლიტიკური თანამდებობა არ არის მნიშვნელოვანი იმ კრიზისის ფასად, რომელსაც ხელოვნურად ქმნის „ოცნება“, ჩვენ ღიად მოვუწოდეთ „ოცნებას“ საკრებულოს თავმჯდომარის კანდიდატურის წარმოდგენისკენ სენაკში, რომელსაც ჩვენ მხარს დავუჭერდით ოღონდ ეს კრიზისი დასრულებულიყო. თუმცა, სამწუხაროდ, „ოცნების“ ადგილობრივი წარმომადგენლები ვერაფერს წყვეტენ და მუნიციპალიტეტების ფუნქციონირება-არფუნქციონირება კობახიძის „კეთილ ნებაზეა“ დამოკიდებული და სენაკში წინა სხდომაზე ისევ საკუთარ ხალხს გამოუცხადეს ბოიკოტი, რომელსაც ოცნების მათემატიკით ხსნიდნენ. ოცნება ცდილობდა წარმოეჩინა, თითქოს სენაკის საკრებულოს წევრის ბატონი ნიკოლოზ შამათავას არ გააჩნდა საკრებულოს წევრის უფლებამოსილება“ - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა დეპუტატებს აჩვენა სენაკის საოლქო საარჩევო კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რითიც დასტურდება, რომ ნიკოლოზ შამათავაზე კომისიის მიერ გაცემულია საკრებულოს წევრის მოწმობა.
„ჩვენ გვსურს საზოგადოებას ვაჩვენოთ სენაკის საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც პირდაპირ ამბობს, რომ ბატონი ნიკოლოზ შამათავა არჩეულია სენაკის საკრებულოს წევრად და მასზე გაცემულია შესაბამისი საკრებულოს წევრის მოწმობა. ეს არის ნათელი დადასტურება, თუ როგორი ტყუილებით ცდილობს ოცნება საზოგადოების შეცდომაში შეყვანას სენაკის საკრებულოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, იმისათვის რომ შექმნას პოლიტიკური კრიზისი და მიაღწიოს რიგგარეშე არჩევნებს და შემდგომ დაშინების მოსყიდვის, მუქარის და სხვა დანაშაულებრივი მეთოდებით ხალხის ნების საწინააღმდეგოდ ხელში ჩაიგდოს საკრებულოში უმრავლესობა.
რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი მოქალაქეების, სენაკის მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, რომ არ შეიქმნას პოლიტიკური კრიზისი და საკრებულო გახდეს სრულად ფუნქციონალური. იმისათვის, რომ შეასრულოს ადგილობრივი უწყებების კონტროლის ფუნქცია და გადაწყვიტოს ის სოციალური და სხვა პრობლემები, რაც სენაკის მოსახლეობას აწუხებს. ჩვენი პრინციპი, რომლითაც ვმოქმედებთ ყველა მუნიციპალიტეტთან მიმართებით არის ორი - საკრებულოებში პოლიტიკურ ძალებს შორის ბალანსის უზრუნველყოფა და მუნიციპალური კრიზისის არდაშვება. ორივე პრინციპი „ოცნებისთვის“ არის მიუღებელი.
პირდაპირ მინდა მივმართო ირაკლის კობახიძეს და ვკითხო, რატომ აიძულა სენაკის საკრებულოს ოცნების დეპუტატები, არ მიეღოთ ჩვენი შეთავაზება სენაკის საკრებულოში ოცნების კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამასთანავე, თუ ოცნება მზად არის მოვიდნენ დებატებში და საზოგადოებას ვაჩვენოთ ვინ არის მართალი სენაკის და სხვა საკრებულოებში ოცნების უპასუხისმგებლო მოქმედებებთან დაკავშირებით. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ სენაკელების ინტერესები იყოს პრიორიტეტული ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის ვიწრო პარტიულ ინტერესთან შედარებით და ეს ხელოვნურად შექმნილი კრიზისი დავძლიოთ! ჩვენი მოქალაქეები ამას კარგად ხედავენ და შესაბამის პასუხს აუცილებლად გასცემენ უპასუხისმგებლო პოლიტიკურ პარტიებს - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
0
0