12/06/2023
12:10
მსოფლიო
კოვიდ - პანდემიამ ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროზე სერიოზული გავლენა იქონია. შესაბამისად, ადამიანებმა ახალი ჩვევების შეძენასთან ერთად, რამდენიმე მათგანი დაივიწყეს ან იმდენად დიდ მნიშვნელობას აღარ ანიჭებენ. სწორედ ამ უკანასკნელ კატეგორიაში აღმოჩნდა ღიმილი. აღნიშნულ თემაზე განსაკუთრებით აქტიურად იაპონური მედია ალაპარაკდა. როგორც ამომავალი მზის ქვეყნის (აქ პირბადე კოვიდამდეც არ ყოფილა იშვიათი მოვლენა, მაგრამ პანდემიის დროს მასშტაბები გაიზარდა) ჟურნალისტები წერენ, იაპონიაში ღიმილის ტრენერები სულ უფრო პოპულარულები ხდებიან - ისინი ეხმარებიან იაპონელებს, რომელთაც „პირბადის ტარების შედეგად ღიმილი დაავიწყდათ“, „შესაბამისი კუნთები ავარჯიშონ“ და გაღიმების უნარი დაიბრუნონ. ერთ-ერთი ასეთი ადამიანი არის კეიკო კავანო. მისი თქმით, 2017 წლიდან დღემდე მან უკვე 4000 ადამიანს ასწავლა გაღიმება, დამატებით 700-მა პირმა კი გაიარა მასთან კურსები, რათა თავად გამხდარიყვნენ ღიმილის ტრენერები.
მართალია თუ არა, რომ კუნთების ვარჯიშის დახმარებით ღიმილის სწავლა შესაძლებელია?
დიახ, ზოგიერთი ძირითადი კუნთი, რომელიც ღიმილზეა პასუხისმგებელი, მხოლოდ ამ მოქმედების დროს აქტიურდება. და დიახ, სახის კუნთების გამოუყენებლობის შემთხვევაში, შეიძლება ატროფია განვითარდეს. თუმცა ეს ძალიან იშვიათად ხდება. სამეცნიერო ლიტერატურაში არ იძებნება კონკრეტულად იმ კუნთების ატროფიის შემთხვევები, რომლებიც ღიმილზე არიან პასუხისმგებელი. თუმცა არსებობს სტატიები საღეჭი კუნთების ატროფიის შესახებ და ამის მიზეზი სწორედ მათი უმოქმედობა გახდა. შემთხვევების აბსოლუტური უმრავლესობა ეხებოდა აღნიშნული კუნთების არა შეგნებულ გამოუყენებლობას (მაგალითად, ჭამის შეწყვეტა), არამედ - გარკვეული სახის დაავადებას. მაგალითად, მსგავსი რამ დაფიქსირდა იშვიათი კეთილთვისებიანი ინტრაკრანიალური სიმსივნის დროს, რომელსაც შეუძლია გავლენა იქონიოს თავის ერთ მხარეს განთავსებულ კუნთებზე ან ნეიროპათიის იშვიათი ფორმა გამოიწვიოს. ასეთ დროს ადამიანებს ძირითადად უჩნდებათ ტკივილი სახის ერთ მხარეს, მაგრამ უფრო სერიოზული - არაფერი.
ამავდროულად, ასევე ცნობილია შემთხვევა, როდესაც იმავე იაპონიაში პაციენტი 40 წლის განმავლობაში ღეჭავდა პირის მხოლოდ ერთ მხარეს და შედეგად, მეორე მხარეს არსებული საღეჭი კუნთები სრულად ატროფირდა. მას ამ ცვლილებასთან დაკავშირებით გამოკვეთილი სიმპტომები არ ჰქონია. უფრო მეტიც, ეს ფაქტი შემთხვევით აღმოაჩინეს. ამავდროულად, ცალკეული კვლევები აჩვენებს, რომ შესაძლოა, სახის კუნთების ატროფია არც ისე იშვიათი მოვლენა იყოს. ასაკის მატებასთან ერთად, სახის კუნთები შეიძლება მართლაც ნაკლებად მოძრავი გახდეს. ეს მოვლენა აღწერილია იაპონელი ავტორების ორ სამეცნიერო სტატიაში. აქ წარმოდგენილი ინფორმაციის საფუძველზე, ხანდაზმულებში სახის მიმიკები შეიძლება აღარ იყოს ისეთი ექსპრესიული.
კითხვა იმაში მდგომარეობს, შესაძლებელია თუ არა ვარჯიშის შედეგად კუნთების ძალის აღდგენა. რადგანაც სახის კუნთების ატროფია არც ისე ხშირად დიაგნოსტირებული დაავადებაა, არ არსებობს მეცნიერულად დასაბუთებული რეკომენდაციები, თუ როგორ უნდა ვიმუშაოთ ამ მდგომარეობასთან. შესაბამისად, არც კარგი სამეცნიერო მონაცემები მოგვეპოვება იმის შესახებ, შეიძლება თუ არა საერთოდ რაიმეს გაკეთება. მხოლოდ ერთ სამეცნიერო სტატიაში იაპონელი ექსპერტები აღწერენ შემთხვევას, როდესაც საღეჭი კუნთების ატროფიის მქონე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა მას შემდეგ, რაც მან ამ კუნთების გასაძლიერებელი ვარჯიშები დაიწყო.
ნებისმიერ შემთხვევაში, ღიმილზე ფოკუსირება კარგი იდეაა
სახის ატროფიის შესახებ მონაცემების სიმწირის მიუხედავად, შეგნებული და გააზრებული ღიმილი შეიძლება სასარგებლო იყოს. ღიმილს შეუძლია გააუმჯობესოს ადამიანის განწყობა მაშინაც კი, თუ ის ამას გულწრფელად არ აკეთებს. მეცნიერები დარწმუნებით ვერ იტყვიან, რომ ეს ნამდვილად ასე მუშაობს, მაგრამ უახლესი და მაღალი ხარისხის მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ დიდი ალბათობით, ეს მოსაზრება სწორია.
ადამიანებს, რომელთაც სამედიცინო მიზეზების გამო (მაგალითად, გარკვეული ნერვის დაზიანების შედეგად) სიმეტრიულად გაღიმება არ შეუძლიათ, კომუნიკაცია და ემოციების გამოხატვა უჭირთ. ამის გამო ბავშვებს უფროსები შეიძლება გაუბრაზდნენ, ზრდასრულები კი - არამეგობრულად ჩაითვალონ. სწორედ ამიტომ, აღნიშნული პრობლემის ზოგიერთ შემთხვევას ოპერაციით აგვარებენ – ადამიანს ნერვსა და კუნთს უნერგავენ, ვარჯიშის შემდეგ კი, პაციენტი ჩვეულებრივ ღიმილს იბრუნებს.
ურთიერთგაგებას პირბადეც ართულებს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე „სოციალურ ღიმილს“ ეხება. ეს არის ღიმილი, რომელიც გამოწვეულია არა ძლიერი დადებითი ემოციებით, არამედ - სულ სხვა მიზეზით. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს კეთილგანწყობის დემონსტრირების სურვილი, ზრდილობის ჟესტი ან უბრალოდ, ბრაზის დამალვის მცდელობა. როგორც წესი, ასეთი ღიმილის პროცესში თვალის ირგვლივ მდებარე კუნთები არ ერევა. განსხვავებულია „დიუშენის ღიმილი“ - გულწრფელი ემოციური ღიმილი, რომლის დროსაც თვალებთან არსებული „ქათმის ფეხებია“ (ნაოჭის ზედმეტსახელი) ფიქსირებული.
პირბადის ქვეშ სოციალური ღიმილი ნამდვილად ნაკლებად ჩანს. გარკვეულწილად, ეს კარგი ამბავიც არის, რადგან გულწრფელი ღიმილის იმიტირება არც ისე რთულია. შესაბამისად, ადამიანებს მათი გარჩევა უჭირთ. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ, თქვენი ღიმილი სხვებმაც შეამჩნიონ, ამას ისე გააკეთებთ, რომ თვალების გარშემო არსებულ კუნთებს გამოკვეთთ.
თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ღიმილს სხვადასხვა კულტურაში შეიძლება განსხვავებული სოციალური შედეგები ჰქონდეს. მაგალითად, უცხო ადამიანის მიმართ ღიმილი ყოვე ლთვის არ განიხილება როგორც ადეკვატური და ცალა ახად დადებითი მოვლენა. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით დადგინდა, რომ გაღიმ ებული ადამიანი შეიძლება ერთი ქვეყნის მცხოვრე ბლებს კეთილგანწყობილ პიროვნებად მოეჩვენოთ, ს ხვაგან კი აბსოლუტურად საპირისპირო შეფასება და ფიქსირდეს. ამიტომაც ფრთხილად იყავით, როდესაც მოგზაურობ თ ქვეყანაში, რომლის კულტურაც თქვენისგან ძალია ნ განსხვავდება.
0
0