
ბოლო რამდენიმე თვის განვმალობაში საქართველოში ცნობილი გახდა მრავალი საიტი თუ აპლიკაცია, რომელიც კლიენტებს ჰპირდება ინვესტიციის მაღალ პროცენტში დაბრუნებას და თანხის გამომუშვების სწრაფ, მარტივ გზას. იმის გამო, რომ საზოგადოების ცნობიერება ასეთი სქემებისა და სისტემების შესახებ იყო დაბალი, მრავალმა თაღლითმა იშოვნა ფული.
პირამიდის სქემის არსი
ამ სქემების იდეა ძალიან მარტივია. გარკვეული თაღლითური კომპანიები გვთავაზობენ ინვესტიციის სანაცვლოდ, თითქმის არაფრის კეთებაში, თანხის მიღებას. თანხის მონაწილეებისათვის გადასახდელად მათ არ გააჩნიათ რეალური ფინანსური სახსრები და ინვესტორებს ინვესტორებისვე ჩადებულ ფულს უხდიან. სანამ სისტემაში ახალ-ახალი მონაწილეები ერთვებიან, მანამ ფუნქციონირებს სქემაც.
როდესაც ინვესტორების სისტემაში ჩართვის ტალღა სრულდება, გეგმის შემქნელებს უკვე აღარ აქვთ მონაწილეებისთვის შეპირებული ფულის გადახდის საშუალება. ამიტომ, ისინი დარჩენილ ფულთან ერთად, უბრალოდ ქრებიან. ასე დაემართა ყველა გაპოპულარებულ პირამიდას ბოლო რამდენიმე თვეში- მაგალითად „lyst-სა“ და “tesla media-ს“. მას შემდეგ, რაც მათ საზოგადოებაში დიდი პოპულარობა მოიპოვეს და refferal-ების საშუალებით (როდესაც სქემაში შეგყავს ახალი ადამიანი, ის ხდება შენი 'რეფერალი' და ამით კიდევ უფრო დიდი თანხის გამომუშავების პერსპექტივა გიჩნდება) ბევრ წევრს უბიძგეს სქემაში ახალი ხალხის შემოყვანისკენ (ამ ხალხის ჩადებული ინვესტიცია კი, საბოლოოდ პირდაპირ კრიმინალთა ჯიბეში წავიდა), რის შემდეგაც, ისინი უბრალოდ გაქრნენ.
„პონზის სქემა“- პირამიდის ისტორია
სინამდვილეში, ასეთ თაღლითურ გეგმას უკვე დიდი ისტორია აქვს და თითქმის 2 საუკუნეა არსებობს. კარგად შემუშვებული სქემებით ბევრ თაღლითს უშოვნია ფული, ბევრი კი დაუჭერიათ.
პირველად მსგავსი უცნაური და საინტერესო შემოთავაზება ხალხისთვის გამოჩნდა გერმანიის ქალაქ მიუნხენში, 1869 წელს, სადაც მსახიობმა ადელაიდ ლუიზ სპიცედერმა შექმნა ბანკი "Spitzedersche Privatbank", რომელიც ინვესტორებს პირდებოდა ყოველ შემდეგ თვეს ჩადებული თანხის 10%-ით ზრდას. რა თქმა უნდა, გარკვეული პერიოდი მისმა ბანკმა წარმატებით იმუშავა და კიდევ უფრო მეტი ადამიანი მოიზიდა.

3 წლიანი მუშაობის შემდეგ, მან შეძლო 32 000 ადამიანის ფულის (38 მილიონი გულდენის) მითვისება, რის შემდეგადაც ის შეეცადა ქვეყნიდან გაქცევას, რაც არ გამოუვიდა. ეს შემთხვევა ისტორიაში დარჩა, როგორც მეცხრამეტე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფინანსური თაღლითობა. შემდეგი ათწლეულების განმავლობაში, მსგავსი მაქინაციები მრავლად მეორდებოდა ამა თუ იმ ქვეყანაში.
მსგავსი, საკმაოდ მასშტაბური და პოპულაურილი სქემა ამერიკაში აამუშავა ჩარლს პონზიმ, რომელიც კლიენტებს 90 დღეში თანხის გაორმაგებასაც კი სთავაზობდა. ჟურნალისტები დაინტერესდნენ მისი ამ წინადადებით და დაიწყეს მოკვლევა, თუ რა ფინანსური საფუძველი ჰქონდა პონზის სქემას. საბოლოოდ, კვლევა-ძიების შემდეგ, პონზიზე საქმეც აღიძრა და მალევე დაიჭირეს ფინანსური მაქინაციისთვის. მის განვითარებულ, არალეგალური ფულის შოვნის გზას შემდგომში „პონზის სქემა“ ეწოდა.

პირამიდაც მსგავსი სტილის ფულის გამომუშავების გეგმაა, უბრალოდ, ამჯერად, სქემა გიბიძგებს მეტი და მეტი ადამიანის სისტემაში ჩართვისაკენ. საბოლოოდ, პონზის მსგავსად, პირამიდაც მალე მთავრდება და კომპანია ქრება, რადგან არცერთს არ გააჩნია არსებობის რეალური ფინანსური საფუძველი.
ყველაფერი ახალი კარგად დავიწყებული ძველია
პირამიდის და პონზის სქემები, დღესდღეობით, რა თქმა უნდა, არალეგალურია და მისი გაშიფრვის შემთხვევაში, სისტემის შემქნელს გასამართლება ემუქრება. სწორედ ამიტომ, პირამიდებმა და სხვა თაღლითურმა გეგმებმა ინტერნეტ საიტებზე გადაინაცვლა, საიდანაც უკვალოდ გაქრობა ბევრად მარტივია.
ამ არალეგალურ სქემათა ამოცნობა ძალიან მარტივია. როდესაც თითქმის არაფრის კეთებაში გვპირდებიან ფულის გამომუშავებას, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ ამ შემოთავაზების უკან თაღლითები დგანან. ვიდეოების დალაიქება, ყურება და ასე შემდეგ, უბრალოდ ადამიანების თვალის ასახვევად არის დამატებული ამ სქემებში. ლოგიკურია, ეს კომპანიები ვერ ეტყვიან მონაწილეებს, რომ მათ ფულის მიღება არაფრის კეთებით შეუძლიათ, რადგან ეს კიდევ უფრო საეჭვო გამოჩნდება. ისინი ქმნიან ილუზიას, თითქოს რაღაცას აკეთებ და მუშაობ, ხოლო მიღებული ანაზღაურება რეალური, სტაბილური ანაზღაურებაა და არა თაღლიღობა.
საბოლოო ჯამში, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასეთ სქემებში ჩართვა დიდი რისკია, რადგან, სისტემის შემქნელებს უკვე დაგეგმილი აქვთ კანონის დარღვევა და მოტყუებით ფულის მითვისება. როდის დაარღვევენ კანონს და როდის გაქრებიან, ამის წინასწარმეტყველება შეუძლებელია.
წყაროები; https://www.investopedia.com/terms/p/ponzischeme.asp
https://moneyweek.com/511836/great-frauds-in-history-adelheid-luise-spitzeder
მოამზადა: ალექსანდრე მთვრალაშვილმა
0
0