
გამარჯვების პლატფორმის პრეზენტაციას პოლიტიკური შეფასებები მოყვა როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან.
პრეზენტაციაზე "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე, ნიკა მელია არ გამოჩენილა, რამაც კითხვის ნიშნები გააჩინა - საერთოდ იყო თუ არა ის მიწვეული ამ ღონისძიებაზე?
"ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრის, გია ბარამიძის განცხადებით, ახლა პირადი წყენის დრო არ არის.
"როცა "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები დაინიშნა, მაშინ არცერთისთვის არ დამიჭერია მხარი, ოთხივე კანდიდატი იყო ძალიან ღირსეული, მაშინაც ვუდასტურებდი მათ ჩემს პატივისცემას და ახლაც. პირადი წყენა არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაყენოთ იმ დიდ იდეაზე მაღლა და წინ, რასაც ჩვენი ერთიანობა ჰქვია, იმიტომ, რომ ახლა ბევრად უფრო სხვა მნიშვნელოვანი ამბავი გვაქვს წინ და საქმე გვაქვს გასაკეთებელი", - განაცხადა გია ბარამიძემ.
ნიკა მელიას შესახებ ინფორმაცია არ აქვს არც პარლამენტის ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას" თავმჯდომარეს თინა ბოკუჩავას.
"მე არ ვიმყოფებოდი თბილისში, სამუშაო შეხვედრა იყო თბილისის გარეთ და მქონდა ინფორმაცია ამ პრეზენტაციის შესახებ, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან პოზიტიური ინიციატივაა. ვინ იქნება ამ გაერთიანების ლიდერი, ამაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა ყველას ლიდერული თვისებები ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მაქსიმალურად ჰქონდეს ჩადებული ერთიან ბრძოლაში, რომელიც აუცილებლად უნდა დამთავრდეს რუსული რეჟიმის დამარცხებით", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0