
“პირადად მე ტერმინი „აგენტი“ მომწონს - მომწონს, რადგან ყველაზე მეტად ასახავს დანიშნულებას, რაც ამ ტერმინს აქვს”, - ეს განცხადება უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ინიცირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე საუბრისას გააკეთა.
კითხვაზე, პროექტის განხილვის დროს რამდენად მოსალოდნელია „უცხოური გავლენის აგენტის“ კორექტირება და მისი სხვა ტერმინით შეცვლა, კობახიძემ განაცხადა, რომ თეორიულად სხვა ტერმინის გამოყენებაც შეიძლება, მაგრამ ეს ყველაზე მეტად რელევანტურია.
ამ კონტექსტში კობახიძემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აგენტი არც დასჯადი და არც უკეთური საქმიანობა არ არის.
„ამიტომ ყველაზე მეტად მომწონს! ტერმინ “აგენტს“ ნებისმიერ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში ორმაგი გამოყენება აქვს. აშშ-შიც აგენტი ნიშნავს აგენტს ვიწრო გაგებით - ანუ ჯაშუშის გაგებით. ჩვენი კანონმდებლობა აგენტს და ჯაშუშს ერთმანეთისგან მიჯნავს. ამერიკის კანონმდებლობაშიც იგივეა - ამერიკაში სიტყვა “აგენტი“ ჯაშუშის მნიშვნელობით გამოიყენება, მაგრამ არა კანონმდებლობაში. მაგალითად, ჯეიმს ბონდი იყო “აგენტი 007“. ინგლისურადაც ასეა. საქართველო კანონმდებლობა აგენტს და ჯაშუშს ერთმანეთისგან მიჯნავს. საქართველოში ჯაშუშური საქმიანობა არის დასჯადი. აგენტი არ არის არც დასჯადი და არც უკეთური საქმიანობა.
საქმე უცხოური გავლენის რეალიზებას ეხება. როდესაც რაღაცა ინტერესის რეალიზებაზეა საუბარი ყველაზე ხშირად ტერმინი “აგენტი“ გამოიყენება. ეს გავლენა შეიძლება იყოს კეთილშობილური მიზნებით ნაკარნახევი და შეიძლება იყოს არაკეთილშობილური მიზნებით ნაკარნახევი.
პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არც ერთ ადამიანს აგენტად არ მოიხსენიებს. საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იურიდიულ პირებზეა. შესაბამისად, ამ კანონპროექტის საფუძველზე ვერც ერთ ადამიანს, თუნდაც ის მართლაც ჯაშუში იყოს, აგენტს ვერ უწოდებ. “აგენტი“ ნეიტრალური ტერმინია“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
0
0