
ე.წ. საგამოძიებო კომისია, სინამდვილეში ღალატის კომისია, გარდა იმისა, რომ მიზნად ისახავს საქართველოს უახლესი ისტორიის გადაწერას რუსული ვერსიით და 2008 წლის ომის საქართველოსთვის დაბრალებას, ასევე მიზნად ისახავს საზოგადოების დაშინებას და ოპონენტების განეიტრალებას, – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
მისი თქმით, ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, რადგან დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში.
„ზურა ჯაფარიძე ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა თაობაში და ეს არიან სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ყველაზე დიდი სიმამაცით იბრძვიან რუსული რეჟიმის წინააღმდეგ. ისინი არიან საპროტესტო ძალის მთავარი მონაწილეები და მთავარი აქტორები. წულუკიანის ღალატის კომისიის გამოყენებით ზურა ჯაფარიძის განეიტრალება, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანი მიზანია ივანიშვილისთვის. ამიტომ, სამწუხაროდ, ვერ გამოვრიცხავ, და ამას არც ზურა გამორიცხავს, რომ დღეს ე.წ. სასამართლომ, და სინამდვილეში უსამართლობის ბასტიონად ქცეულმა ამ შენობამ, ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგ პატიმრობა გამოიყენოს, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
მისი თქმით, გირაოს არ გადაიხდიდა, თუმცა ეს არის ადამიანის პერსონალური არჩევანის საკითხი.
„ივანიშვილს განსხვავებული მიდგომები საშინლად აღიზიანებს და თავის პროპაგანდას გამოიყენებს ოპოზიციონერების დისკრედიტაციისთვის. სიმართლე კი ის არის, რომ ეს არის ძალიან პერსონალური არჩევანი, გადაიხდის თუ არა ადამიანი ამ უკანონო გირაოს. პირადად მე რომ დავდგე ამ არჩევანის წინაშე, არაერთხელ მითქვამს და ახლაც ვიტყვი, ნამდვილად არ გადავიხდიდი ივანიშვილის ამ ხარკს. ვაფასებ ზურა ჯაფარიძის გამბედაობას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს არის ძალიან პირადი გადაწყვეტილება. ტყუილად ცდილობს ივანიშვილის პროპაგანდა, რომ ამ გზითაც მოახდინოს ოპოზიციის წევრების დისკრედიტაცია“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
0
0