07/01/2025
14:04
პოლიტიკა
პია კაუმას მხრიდან გარკვეულწილად არის მცდელობა, გადაირჩინოს სახე იმ ფონზე, როდესაც ფიასკოთი დასრულდა მისი შეუთანხმებელი გადაწყვეტილება, რაღაც ვიზიტი განეხორციელებინა საქართველოში, – ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
ამასთან, სამადაშვილის თქმით, მაკა ბოჭორიშვილისთვის გაგზავნილ პია კაუმას წერილს არანაირი საერთო არ აქვს ეუთო-სთან, როგორც ორგანიზაციის პოზიციასთან.
„ვფიქრობ, საერთაშორისო თანამეგობრობას ძალიან კარგად აქვს გააზრებული, რომ საქართველოში შექმნილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზა არის ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა რაც შეიძლება სწრაფად. სხვა საკითხზე საუბარს არანაირი პოტენციური შანსი არ აქვს, რომ გადაჭრას უმძიმესი გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს აღმოჩნდა ქართველი ხალხი. სწორედ ამიტომ ვნახეთ, რომ, ფაქტობრივად, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ვერ მიიღო საკუთარი, მათ შორის ორგანიზაციის მანდატი, ჩამოსულიყო ჩვენს ქვეყანაში და მოლაპარაკებები დაეწყო რაიმე საკითხზე იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდებიან პოლიტიკური პატიმრები და „ქართული ოცნება“ მკაფიოდ არ განაცხადებს მზაობას, დაინიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს მიდგომა მხოლოდ გამყარდება უახლოეს მომავალში და ჩვენ ვნახავთ, რომ არალეგიტიმურ რეჟიმზე საერთაშორისო წნეხი მხოლოდ გაიზრდება. ამის ნიშანი იყო, მათ შორის გაუქმებული ვიზიტიც.
ეს წერილი პია კაუმას მხრიდან გარკვეულწილად არის მცდელობა, ასე ვთქვათ, გადაირჩინოს სახე იმ ფონზე, როდესაც ვნახეთ, რომ დიდი ფიასკოთი დასრულდა შეუთანხმებელი, მის ორგანიზაციასთან შეუთანხმებელი გადაწყვეტილება, რაღაც ვიზიტი განეხორციელებინა საქართველოში. ეს წერილი გამოხატავს მის პირად შეხედულებას. წერილს არანაირი საერთო არ აქვს ეუთო-სთან, როგორც ორგანიზაციის პოზიციასთან. ამ წერილშიც, ამ წერილის შინაარსითაც დასტურდება, რომ ნებისმიერი ოფიციალური პირი, თუ ნებისმიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც გადაწყვეტს, ესაუბროს ქართველ ხალხს რაიმეზე, გარდა ორი მთავარი მოთხოვნისა, რომელიც ქართველ ხალხს აქვს – სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების უპირობო გათავისუფლება, ყველას მცდელობა განწირულია მარცხისთვის. ეს იკითხება, მათ შორის გზავნილში, რომლის გამოგზავნაც მოუწია პია კაუმას მას შემდეგ, რაც ჩაიშალა ვიზიტი. ეს ვიზიტი არ იყო არც ადეკვატურად მომზადებული, არც დაგეგმილი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მას არ ჰქონდა მიღებული მანდატი, მათ შორის საკუთარი ორგანიზაციის, რომელსაც ის წარმოადგენს“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
0
0