
ტყუილად ედრება „ქართული ოცნება“ ევროპულ, დემოკრატიულ, განვითარებულ სახელმწიფოებს, როდესაც ცდილობს ხოლმე რაღაც ანალოგიები მოიყვანოს: „სხვაგანაც ხომ მიტინგებს არბევენ“- ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რითაც 7 ნოემბრის საქმეს გამოეხმაურა.
მისი თქმით, 2007 წელს, ნოემბრის მიტინგები რუსული რეჟიმის მხრიდან „ქართულ სახელმწიფოებრიობაზე ერთ-ერთი პირველი შემოტევა იყო“.
„პრაქტიკულად 20 წლის წინანდელი მიტინგის დაშლის საქმეზე პოლიტიკური ბრალი აქვს წარდგენილი მიხეილ სააკაშვილს და მასთან ერთად რამდენიმე პირს. ეს საქმე დღემდე იწელება იმიტომ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ თავის პოლიტიკურ მიზნებს მიაღწიოს და ამით საკუთარ მხარდამჭერებს თუ ამომრჩევლებს უთხრას „აი, ჩვენ შურს ვიძიებთ თქვენი მიტინგის დაშლისთვის".
შეგახსენებთ, რომ ეს იყო ერთ-ერთი, ალბათ, პირველი შემოტევა რუსული რეჟიმის მხრიდან ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, როდესაც მათ არ მოეწონათ, რომ საქართველო სწრაფად ვითარდება, საქართველო დემოკრატიული ხდება, საქართველო ევროპისკენ მიისწრაფვის და მაშინ გამოაგორეს თავისი პირველი რესურსები და ამის შედეგად გაიმართა ნოემბრის ის მიტინგები, რომელზეც დღეს საქმეა აღძრული.- თქვა ცისკარიშვილმა.
0
0