
ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით შექმნილ პეტიციას მას შემდეგ შეუერთდა, რაც მასზე მიხეილ სააკაშვილის ხელმოწერა გაჩნდა.
"ვთქვი, რომ მე ხელს მოვაწერ მარტო იმის შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილს შესთავაზებენ ხელმოწერას. მე ანომალიად მიმაჩნია, ქვეყანაში პრეზიდენტს არ მიეცეს შესაძლებლობა, თვისი პოზიცია დააფიქსიროს ქვეყნის გეოპოლიტიკური არჩევანის უმნიშვნელოვანეს საკითხთან დაკავშირებით, მე მომიხდა, ასე ვთქვათ, მცირე ულტიმატუმის, გარკვეული მოთხოვნის წაყენება, რომ მიხეილ სააკაშვილს მისცემოდა ასეთ პეტიციაზე ხელის მოწერის უფლება და მისი ხელმოწერა დღეს არის ამ პეტიციაზე. მე მიმაჩნია, რომ ეს იყო სწორი მოთხოვნა ჩემი მხრიდან და ეს მოთხოვნა შესრულდა. ბუნებრივია, ჩემი ხელმოწერაც არის ამ პეტიციაზე. ბუნებრივად იყო ჩემი, როგორც პროევროპული პოლიტიკოსის, ხელმოწერა ამ პეტიციაზე, მაგრამ ასეთი ულტიმატუმის დაყენების აუცილებლობა, სამწუხაროდ, დადგა.
ვუერთდები იმ სულისკვეთებას, რომელიც არის ახლა ქალბატონ პრეზიდენტთან. მიხარია, რომ იქ გაერთიანდა საზოგადოება. მათთან ერთად ვარ პოლიტიკური პოზიციით, სულიერად, ემოციურად, მაგრამ იქ ჩემი არმისვლით კიდევ ერთხელ მომიხდა იმაზე ხაზის გასმა, რომ ინსტიტუტების პატივისცემა მნიშვნელოვანია. თქვა ექსპრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ტვ “პირველის” ეთერში ჩართვისას.
ენმ-ს წევრმა, თინა ბოკუჩავამ მიხეილ სააკაშვილის მიერ ხელმოწერილი პეტიცია - “ჩვენი ხმა ევროპას” ზურაბიშვილის ღონისძიებაზე მიიტანა.
0
0