
პეტერ ფიშერის საქმიანობაზე და საქართველოში მის სადავო აქტივობებზე კითხვის ნიშნები გერმანიაშიც გაუჩნდათ. საკითხს პარტია AfD იკვლევს და საგარეო საქმეთა სამინისტროსგან პასუხებს ითხოვს.
ინფორმაცია ბუნდესტაგის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.
გერმანიის ელჩის საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაბარების შემდეგ, გერმანიის პარლამენტის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფრაქციამ ფედერალურ მთავრობას მცირე შეკითხვით მიმართა. ფრაქცია დაინტერესდა, შეხვედრია თუ არა ელჩი საქართველოში ოპოზიციურ ჯგუფებს ან პოლიტიკოსებს, აგრეთვე ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებს.
გარდა ამისა, ფედერალურმა მთავრობამ უნდა განმარტოს, შეესაბამება თუ არა სიმართლეს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ გერმანელმა დიპლომატმა უძრავი ქონება ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის საკუთრებაში არსებული ქონებიდან იქირავა.
რა შეკითხვები დაუსვა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ (AfD) ფრაქციამ ფედერალურ მთავრობას:
1. ფედერალური მთავრობის ინფორმაციით, შეესაბამება თუ არა სიმართლეს, რომ საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩმა, ბატონმა პეტერ ფიშერმა, ძვირადღირებული უძრავი ქონება იქირავა ოპოზიციის ლიდერის, მამუკა ხაზარაძისგან?
2. რომელ ოპოზიციურ ჯგუფებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს შეხვდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ბატონი პეტერ ფიშერი ბოლო ათი კვირის განმავლობაში?
3. არსებობდა თუ არა კონკრეტული მიზეზები ამ შეხვედრების გამართვისთვის და თუ კი - რა კონკრეტული მიზეზი?
4. რა მიზეზებით გაიმართა ეს შეხვედრები, რამდენიმე კვირით ადრე, ვიდრე საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ჩატარდებოდა?
5. რამდენჯერ შეხვდა საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი, ბატონი პეტერ ფიშერი, ბოლო თორმეტი კვირის განმავლობაში საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს?
6. ფედერალური მთავრობის შეფასებით, რამდენად შეესაბამება საქართველოს ოპოზიციურ ჯგუფებთან ან ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ელჩის აღნიშნული შეხვედრები დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის 41-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებას.
1
0