
ვფიქრობ, ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში, თუმცა არ შეუძლიათ, ეს უთხრან მოსახლეობას, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განაცხადა.
ფიშერის თქმით, საქართველოს მოსახლეობა კვლავაც ოცნებობს ევროპაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.
ამასთან, გერმანიის ელჩის შეფასებით, ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის, რას ნიშნავს ევროკავშირში გაწევრიანება, სხვები უბრალოდ ამბობენ, რომ სურთ ევროპული მომავალი, ამასთან, არ გააჩნიათ უკეთესი ალტერნატივა.
„ეს არის ჩემი ერთგვარი დასკვნა საქართველოზე, აქ ოთხწლიანი მუშაობის შემდეგ: ვფიქრობ, ისინი, ვინც საქართველოში ძალაუფლებაში არიან, მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ სურთ ევროკავშირში გაწევრიანება, რომ ეს არ არის მათ ინტერესში. თუმცა, მათ არ შეუძლიათ ეს უთხრან მოსახლეობას. ისინი არ არიან გულწრფელი და პატიოსნები თავიანთ მოსახლეობასთან, ვინაიდან მოსახლეობა კვლავაც ოცნებობს ევროპაზე, ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზების გამო.
ზოგიერთმა ქართველმა ზუსტად იცის, რა არის ევროკავშირი და რას ნიშნავს მასში გაწევრიანება – რა უფლებებსა და პრივილეგიებს, აგრეთვე ვალდებულებებს, რომლებიც ამას მოჰყვება. სხვები უბრალოდ ამბობენ – „მე ვარ ქართველი, მაშასადამე ვარ ევროპელი“, მსურს ევროპული მომავალი ჩემი შვილებისა და შვილიშვილებისთვის და ამასთან, არ გამაჩნია უკეთესი ალტერნატივა, არ მსურს, ვიყო რუსი ან თურქი, ირანელი ან აზერბაიჯანელი. მხოლოდ სომხეთთან ერთად ყოფნა, შესაძლოა, არასაკმარისი იყოს.
ვფიქრობ, მიზანი არის საქართველოს მოსახლეობაში ევროკავშირის იდეისადმი მხარდაჭერის შემცირება და თუკი, შესაძლოა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროექტი ჩავარდება, ეს დაბრალდეს ევროკავშირს – თქვან, რომ ეს ჩვენი კი არა, იმათი ბრალი იყოო“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.
0
0
13 ივნისის სტიქიიდან 11 წელი გავიდა
13/06/2026