
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა პირობა დადო, რომ „ზეწოლას მოახდენს გერმანელებზე“, რათა მათ “ლეოპარდის” ტანკები გადასცენ უკრაინას და ამით გაზარდონ მისი საბრძოლო შესაძლებლობები კრიტიკულ მომენტში, შესაძლო ახალი რუსული შეტევის წინ. aმის შესახებ CNN-ს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა განუცხადა, რომლის ვინაობა არ სახელდება.
„ჩვენ ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ კვირის ბოლომდე ამ საკითხში პროგრესი იქნება“ - დასძინა ტელეარხის თანამოსაუბრემ.
ოსტინი ამჟამად ვიზიტით იმყოფება გერმანიაში, სადაც ქვეყნის ახლადდანიშნულ თავდაცვის მინისტრს ხვდება, რის შემდეგაც პარასკევს დაესწრება საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას უკრაინასთან დაკავშირებით, სადაც 50-მდე ქვეყნისა და საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები განიხილავენ კიევისთვის ახალ დახმარებას.
„გერმანია რჩება ჩვენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან მოკავშირედ და მსურს, მადლობა გადავუხადო ამ ქვეყნის მთავრობას ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა უკრაინის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად“ - თქვა ოსტინმა.
ამავე დროს, ოსტინს არაფერი უთქვამს ტანკებზე.
თავის მხრივ, გერმანიის თავდაცვის მინისტრმა პისტორიუსმა დაადასტურა, რომ ბერლინი თავის მოკავშირეებთან მხარდამხარ დადგება.
„ჩვენ პარტნიორებთან ერთად ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას თავისუფლებისთვის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში“, - განაცხადა მან.
0
0