02/01/2023
22:45
მსოფლიო
3 იანვარს, ფეხბურთის “მეფეს”, პელეს ქალაქ სანტოსში, „ეკუმენიკას“ სასაფლაოზე დაკრძალავენ. წინასწარი ინფორმაციით, ცერემონიას მხოლოდ ოჯახის წევრები დაესწრებიან.
14 სართულისგან შემდგარი ვერტიკალური სასაფლაო „ეკუმენიკა“ 1983 წელს აშენდა. ის 1,8 ჰექტარ ფართობზეა განლაგებული და 16 000-მდე საფლავს იტევს. აღნიშნული სასაფლაო შეტანილია გინესის რეკორდების წიგნში, როგორც ყველაზე მაღალი ვერტიკალური სასაფლაო.
საფეხბურთო სამყაროს ლეგენდასთან, მსოფლიოს სამგზის ჩემპიონთან გამოსამშვიდობებელი ცერემონია საფეხბურთო კლუბ „სანტოსის“ სტადიონზე უკვე იმართება. დღეს სამგლოვიარო პროცესიას ხალხი ფოიერვერკებით შეხვდა.
დაკრძალვამდე სამგლოვიარო პროცესია ქალაქის ქუჩებშიც გადაინაცვლებს და სავარაუდოდ, ჩაივლის ფეხბურთელის დედის, 100 წლის სელესტე არანტისის სახლთან.
პელე 82 წლის ასაკში, 29 დეკემბერს გარდაიცვალა. მისი გარდაცვალების გამო, ქვეყანაში 3-დღიანი გლოვა იყო გამოცხადებული.
პელე მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი ერთადერთი ფეხბურთელია (1958, 1962, 1970). ის "სანტოსისა" და ნიუ იორკის "კოსმოსის" ღირსებას იცავდა.
პელე ფიფას, World Soccer-ისა და France Football-ის ვერსიით მე-20 საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელადაა აღიარებული, ხოლო საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ - მე-20 საუკუნის საუკეთესო სპორტსმენად.
0
0