
პეკინში ჩინეთ-ევროკავშირის სამიტი იმართება, რომელიც ჩინეთისა და ევროკავშირის ორმხრივი ურთიერთობების დამყარების 50-ე წლისთავს ეძღვნება.
სამიტის ფარგლებში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა და ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ჩინეთის ლიდერს, სი ძინპინსა და პრემიერ-მინისტრ ლი ციანს შეხვდნენ.
„ევროკავშირი კვლავ ერთგული რჩება ორმხრივი პარტნიორობის გაღრმავების, პრობლემების პატივისცემით, კეთილი ნებითა და პატიოსნებით გადასაჭრელად კონკრეტული პროგრესის მიღწევის მიმართ, მულტილატერალიზმის შესანარჩუნებლად ერთობლივი მუშაობის მიმართ. ჩვენ გვჭირდება კონკრეტული პროგრესი ვაჭრობასა და ეკონომიკასთან დაკავშირებულ საკითხებში. და ორივეს გვსურს, რომ ჩვენი ურთიერთობა იყოს დაბალანსებული, ორმხრივი და ურთიერთსასარგებლო“, – განაცხადა ანტონიუ კოშტამ სი ძინპინთან შეხვედრაზე.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, ევროკავშირი და ჩინეთი არიან მსხვილი ეკონომიკები და მსხვილი აქტორები მსოფლიო არენაზე. მათ ეკისრებათ პასუხისმგებლობა, დაიცვან წესებზე დაფუძნებული წესრიგი და გაუმკლავდნენ გლობალურ გამოწვევებს. ანტონიუ კოშტამ მოუწოდა ჩინეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე უკრაინაში ომის დასასრულებლად.
„ჩვენ ასევე უნდა დავიცვათ გაერო-ს წესდებაში ასახული ფუნდამენტური ღირებულებები, რომლებიც 80 წლისთავს აღნიშნავს, ღირებულებები, როგორიცაა სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების პატივისცემა. როგორც გაერო-ს უშიშროების საბჭოს მუდმივ წევრს, ჩვენ მოვუწოდებთ ჩინეთს, გამოიყენოს თავისი გავლენა რუსეთზე გაერო-ს წესდების პატივისცემისა და უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის ომის დასრულების მიზნით“, – განაცხადა კოშტამ ჩინეთის ლიდერთან შეხვედრისას.
თავის მხრივ, სი ძინპინთან შეხვედრის დროს ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროკავშირისა და ჩინეთის ურთიერთობებს მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი უწოდა.
„ევროპა ათწლეულების განმავლობაში უჭერდა მხარს ჩინეთის ეკონომიკურ განვითარებას და აგრძელებს ამის გაკეთებას. თუმცა, ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავებასთან ერთად, დისბალანსიც გაღრმავდა. ჩვენ გარდამტეხ ეტაპს მივაღწიეთ. აუცილებელია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების ხელახალი დაბალანსება, რადგან მდგრადი ურთიერთობების უზრუნველსაყოფად, ისინი ორმხრივად სარგებლის მომტანი უნდა იყოს. ამის მისაღწევად, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ჩინეთმა და ევროპამ გააცნობიერონ ჩვენი შეშფოთება და რეალური გადაწყვეტილებები წარადგინონ“, – თქვა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრის ფარგლებში განაცხადა, რომ ჩინეთმა და ევროკავშირმა უნდა შეინარჩუნონ ღიაობა და თანამშრომლობა და სათანადო გზით გაუმკლავდნენ აზრთა სხვადასხვაობებს.
სი ძინპინის განცხადებით, ისტორიამ და რეალობამ აჩვენა, რომ ურთიერთდამოკიდებულება რისკი არ არის, ხოლო თანხვედრი ინტერესები არ არის საფრთხე. მისი თქმით, კონკურენტუნარიანობის გაძლიერება არ უნდა ხდებოდეს კედლებისა და ბარიერების შენებით, ხოლო მიწოდების ჯაჭვების გაწყვეტა მხოლოდ თვითიზოლაციას გამოიწვევს. როგორც მან აღნიშნა, დამოკიდებულების შემცირებამ არ უნდა გამოიწვიოს ჩინეთ-ევროკავშირის თანამშრომლობის შემცირება.
ჩინეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ ევროკავშირის სავაჭრო და საინვესტიციო ბაზარი ღია დარჩება და ევროკავშირი თავს შეიკავებს შემზღუდავი ეკონომიკური და სავაჭრო ინსტრუმენტების გამოყენებისგან, ხელს შეუწყობს ჯანსაღი ბიზნესგარემოს შექმნას ჩინური საწარმოებისთვის, რომლებიც ევროკავშირში მუშაობენ.
0
0
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
25/07/2025