
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა გერმანიის საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე ჩატარებული არჩევნების შედეგები ევროპასა და მსოფლიოში ულტრამემარჯვენე ძალების გაძლიერების შესახებ გაფრთხილებად შეაფასა.
მისი თქმით, გერმანიაში პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატება აჩვენებს, რომ ესპანეთში დღეს მოქმედი პროგრესული კოალიციური მთავრობის მსგავსი მოდელი დღეს უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. სანჩესმა ამის შესახებ მადრიდში, სოციალისტური პარტიის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ის, რაც გუშინ საქსონიაში ვიხილეთ, არის გაფრთხილებაც და დადასტურებაც. გაფრთხილება იმისა, რომ ულტრამემარჯვენე საფრთხე, დიდწილად ტრადიციული მემარჯვენეების დანებების გამო, ევროპასა და მსოფლიოში სულ უფრო მეტ მხარდაჭერას იძენს. ამავდროულად, ეს არის დადასტურება იმისა, რომ ისეთი მთავრობა, როგორიც ჩვენ გვაქვს ესპანეთში, ანუ პროგრესული კოალიცია, ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე. ამიტომაც მთელი მსოფლიო ჩვენ გვიყურებს“, – განაცხადა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა.
სანჩესმა აღნიშნა, რომ ესპანეთის მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული კოალიცია ულტრამემარჯვენე და „რეაქციული“ ძალების გაძლიერების ალტერნატივას წარმოადგენს.
„შეიძლება, მკითხოთ, რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი იმის გათვალისწინებით, რაც გუშინ გერმანიაში მოხდა? იმიტომ, რომ ვფიქრობ, რომ აქ, ესპანეთში, პროგრესული კოალიციური მთავრობის მოქმედებებით ვაჩვენებთ, რომ სწორედ ასე ვუპირისპირდებით რეაქციონერებს. მეტი უფლებებითა და მეტი თავისუფლებით, გამარჯვებისთვის ბრძოლით და არა იმით, რომ უბრალოდ წესების დაცვით ფრეს დავჯერდეთ“, – განაცხადა სანჩესმა.
ცნობისთვის, გერმანიაში საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწაზე 6 სექტემბერს ჩატარებულ არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ პირველ ადგილზე გავიდა.
საქსონია-ანჰალტის არჩევნების შედეგები გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმაც მძიმე დარტყმად შეაფასა და ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის დამარცხებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში პარტიისთვის ყველაზე მძიმე საარჩევნო მარცხი უწოდა. მერცის განცხადებით, არჩევნების შედეგებს გავლენა ექნება არა მხოლოდ გერმანიის პოლიტიკაზე, არამედ საერთაშორისო ვითარებაზეც.
0
0