
ვურჩევდი ყველას, ვინც ცენტრალურ აზიაში საქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას გეგმავს, რომ საქართველო ძალიან ძლიერი კანდიდატია იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ღირს დაწყება, – ამის შესახებ Pave Bank-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, სალიმ დონანმა განაცხადა.
მისივე თქმით, საქართველო დინამიკური ადგილია ფინანსური საქმიანობების განსახორციელებლად.
„საქართველო წარმოუდგენლად დინამიკური ადგილია. ჩვენი პერსპექტივიდან ვხედავთ, რომ ქვეყანა სულ უფრო და უფრო იხსნება, ხოლო რეგულაციები სულ უფრო მკაფიო და გასაგები ხდება. ეს განსაკუთრებით ეხება ფინანსური მომსახურების სექტორს, რომელსაც მე წარმოვადგენ. შესაბამისად, რაც უფრო ნათელი და პროგნოზირებადი ხდება გარემო, მით უფრო ნაყოფიერი ხდება ის ახალი კაპიტალის შემოსვლისთვის. ვფიქრობ, როდესაც კაპიტალი შემოდის, ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ კაპიტალის სიმწიფესაც. კაპიტალის სიმწიფე მხოლოდ იმას არ ნიშნავს, თუ როგორ ახორციელებ ინვესტიციას; ის ასევე გულისხმობს, თუ როგორ ზრდი ამ ინვესტიციას, როგორ გამოდიხარ ინვესტიციიდან და როგორ ახორციელებ ამ ზრდასა და გასვლას მთელი რეგიონის მასშტაბით.
ვფიქრობ, სწორედ ეს არის ის, რასაც პრაქტიკაში ვხედავთ და რაც რეალურ დროში ხდება. ამიტომ, როდესაც ვესწრებით ასეთ მრგვალი მაგიდის ფორმატის შეხვედრებს. იქნება ეს ინვესტორებთან, პრემიერ-მინისტრთან თუ დელეგაციასთან, აშკარაა, რომ ეს მხოლოდ სიტყვები არ არის. ჩვენ რეალურად ვხედავთ, როგორ აისახება ეს პოლიტიკაში, რეგულაციებში, კაპიტალის ფორმირებასა და ქვეყანაში განხორციელებულ კაპიტალდაბანდებებში. ჩვენ ძალიან აღფრთოვანებულები ვართ. მე ვურჩევდი ყველას, ვინც ცენტრალურ აზიაში საქმიანობის დაწყებას ან გაფართოებას გეგმავს, რომ საქართველო ძალიან ძლიერი კანდიდატია იმ ქვეყნებს შორის, საიდანაც ღირს დაწყება“, – განაცხადა სალიმ დონანმა.
0
0