
აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. მოიყვანეს, რადგან პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩაბაარებდა უმტკივნეულოდ, – ამის შესახებ კოდორის ხეობაში საქართველოს პრეზიდენტის ყოფილმა რწმუნებულმა, ემზარ კვიციანმა „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელ დროებით საგამოძიებო კომისიაზე“ განაცხადა.
ამასთან, ემზარ კვიციანმა კოდორის ხეობასთან დაკავშირებით, 2006 წელს პატრიარქთან საუბარი გაიხსენა.
„შევედი პატრიარქთან, ჩვენს უწმინდესთან, პირველ რიგში, მინდოდა კურთხევა, დედაჩემის დასაფლავება მინდოდა იქ, სადაც ავაშენეთ ეკლესია ჩვენმა საძმომ და სამეგობრომ, არ მირჩია და მოკლედ კურთხევა მომცა სადაც უნდა დამესაფლავებინა დედაჩემი. მეორე ვუთხარი, თქვენო უწმინდესობავ, ოქრუაშვილი და დღევანდელი ხელისუფლება აპირებს კოდორის ხეობაში თავდაცვის ძალების შემოყვანას-თქო, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს კონფლიქტს და ამ კონფლიქტში რუსები იქნებიან მართლები, რადგან არსებობს 94 წლის შეთანხმება, რომელზეც ხელი გვაქვს მოწერილი, ამას გამოიყენებენ და რუსებს მიეცემა ლეგიტიმაცია, რომ შემოვიდნენ ხეობაში. მერე გაითამაშებენ ჩვენები-მეთქი, ვითომ რუსებს ვერ შევებრძოლეთ, დატოვებენ ტერიტორიას და გაიქცევიან, იყო უკვე ასეთი შემთხვევა ჩემთან, როგორ გამექცა ყველა იქიდან, იმიტომ, რომ დაგვეტოვებინა იქაურობა. ფაქტებიდან გამომდინარე ვხვდებოდი ამას.
პატრიარქი წამოდგა, ადგომას ვაპირებდი, იჯექიო. მოვიდა, მომადო მარცხენა ლოყაზე ხელი – „ემზარ, შვილო, გაკურთხოს უფალმა, არ შეგეშვებიან, სანამ კოდორი არ ჩაბარდება, აფხაზეთი მიცემულია“. სიტყვა სიტყვით. მას ბევრად მეტი ინფორმაცია ჰქონდა მაშინაც, ვიდრე მე და ვინმეს გვქონდა. მე ვუთხარი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ რამენაირად კიდევ გაგრძელდეს კოდორის ხეობის შენარჩუნება რამდენიმე წლით, რომ იქნებ გვეღირსოს ისეთი მთავრობა, რომელსაც ენდომება ბოლოს და ბოლოს კოდორის ხეობის შენარჩუნება და აქედან მუშაობა უკვე აფხაზებზე. თან აწყობილი იყო უკვე ყველაფერი. ნებისმიერ დროს, როცა გინდა, მაშინ მოვიყვანდი აფხაზებს, დავაჯენდი და ვალაპარაკებდი. გამოაგზავნეს არძინბა ლევანი ჩვენთან აქ და მე დავხვდი გადმოსასვლელში, რომელიც იყო გზავნილი აფხაზებიდან, ერთობლივი ჯგუფი გავაკეთოთ და დავიცვათ ჩვენი სამშობლო ერთად, აფხაზებმა და ქართველებმა. აქედან წასული ერთ თვეში საკუთარ ჭიშკართან ჩაცხრილეს. აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროება, რუსეთის უშიშროება და საქართველოში უშიშროებაში ჩანერგილი ადამიანები, ერთობლივად მოქმედებდნენ, ერთობლივად მოქმედებდნენ და ისე მოიყვანეს სააკაშვილი ხელისუფლებაში. რატომ მოიყვანეს? იმიტომ, რომ პირობა ჰქონდა დადებული, კოდორის ხეობას ჩაბაარებდა უმტკივნეულოდ“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.
0
0