26/05/2023
08:32
საზოგადოება
.jpg )
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე საპასუხო მადლობის წერილს უგზავნის მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინ იაკობ გაგულაშვილს. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
„იერუშალაიმისა და აშდოდის მთავარ რელიგიურ მოსამართლეს, მსოფლიოს ქართველ ებრაელთა მთავარ რაბინ იაკობ გაგულაშვილს
მადლობას გიხდით საქართველოს დამოუკიდებლობის დღის მოლოცვისათვის, რომელიც, როგორც თქვენგან შევიტყვეთ, ებრაელი ერისათვის და ჩვენი ხალხისთვისაც მეტად მნიშვნელოვან ზეიმს ემთხვევა - ათი მცნების მიღების და წმ. დავით წინასწარმეტყველის დაბადებისა და გარდაცვალების აღნიშვნას.
ჩვენგანაც მიიღეთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და ამ დღესასწაულების გულითადი მილოცვა.
თქვენ ჩვენი ქვეყნის გამორჩეული გულშემატკივარი ბრძანდებით და ეს უკვე ყველამ იცის ჩვენს ქვეყანაში. მახარებს, რომ სულიერად ქართველ ებრაელებს საქართველოსთან ასეთი ადამიანი აკავშირებს.
უფალი გეწეოდეთ. წმინდა დავით წინასწარმეტყველის მეოხებით ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხები და მშვიდობით აკურთხოს მათი მომავალი. ღმერთმა დალოცოს ისრაელი და საქართველო. დიდი პატივისცემით, ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი და მიტროპოლიტი ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის“, აღნიშნულია პატრიარქის წერილში.
0
0