
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
“კვლავ ვემშვიდობებით უკრაინაში გარდაცვლილ ქართველ მებრძოლებს, – ალუდა ზვიადაურს, კახა გოგოლს, ბერდია ჯოხაძეს, გელა გოგიასა და ედიშერ კვარაცხელიას, რომელთაც სიცოცხლე გაწირეს მოყვასის დასაცავად.
აღვავლენთ ლოცვებს, რათა უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მათი უკვდავი სული, ხოლო ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მოანიჭოს მშვიდობა, ლოცვის ძალა და ურყევი რწმენა იმისა, რომ სიცოცხლე არ მთავრდება გარდაცვალებით, არამედ იგია დასაწყისი მარადიული, ჭეშმარიტი ცხოვრებისა.” – ნათქვამია წერილში.
შეგახსენებთ: უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ედიშერ კვარაცხელია სამხედრო პატივით დაკრძალეს. იგი უკრაინის არმიაში 2014 წლიდან მსახურობდა, ბახმუტთან მომხდარ შეტაკებას ემსხვერპლა.
ედიშერ კვარაცხელია მშობლიურ წალენჯიხაში დაკრძალეს. ახლობლებმა გასვენებაში სიმბოლურად რუსეთის დროშა დაწვეს. ის მე-20 ქართველი მებრძოლია, რომელიც უკრაინა – რუსეთის ომს ემსხვერპლა.

0
0