09/02/2022
12:45
სამართალი
საქმე ეხება 2021 წლის 15 ოქტომბერს, პატიმრის სუიციდს.
როგორც უწყებაში აცხადებენ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან შემოსული შეტყობინების საფუძველზე, 2021 წლის 15 ოქტომბერს, დაიწყო გამოძიება სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების მხრიდან ჩადენილი, სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე, რამაც პატიმრის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით.
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი ერთ-ერთი ბრალდებული, მისი ფსიქოემოციური მდგომარეობის გათვალისწინებით, იმყოფებოდა 24 საათიანი ვიდეომონიტორინგის ქვეშ. 2021 წლის 14 ოქტომბერს, იგი სამკურნალოდ გადაიყვანეს შპს „ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ და განათავსეს სამეთვალყურეო ვიდეოკამერებით აღჭურვილ პალატაში.
15 ოქტომბერს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს საბადრაგო ჯგუფის წევრებმა, რომლებსაც ევალებოდათ პატიმრის მონიტორინგი და რომელთათვისაც ცნობილი იყო წარსულში პატიმრის მიერ თვითდაზიანებების მიყენების ფაქტისა და სამედიცინო დაწესებულებაში მყოფი ბრალდებულის მიმართ მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის განხორციელების აუცილებლობის თაობაზე, არაჯეროვნად შეასრულეს „ბრალდებულთა/მსჯავრდადებულთა გაყვანა/გადაყვანისას ბადრაგირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 ოქტომბრის №149 ბრძანებით მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობა და პალატაში მარტო მყოფი ბრალდებული დატოვეს მუდმივი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე. უმეთვალყურეოდ დატოვებულმა ბრალდებულმა თავის ჩამოხრჩობის გზით განახორციელა სუიციდი. გაწეული სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის მიერ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარდა ათობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება: დათვალიერდა შემთხვევის ადგილი და ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტები, გამოიკითხა 50-მდე პირი, ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები და დოკუმენტაცია, გამოთხოვილი იქნა ვიდეოჩანაწერები და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია, ჩატარდა - სამედიცინო, ტრასოლოგიური, ქიმიური, მიკრონაწილაკური და ბიოლოგიური ექსპერტიზები.
2022 წლის 7 თებერვალს, აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე, სახელმწიფო ინსპექტორის მოადგილემ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის 3 თანამშრომლის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე დასაბუთებული წინადადებით მიმართა ზედამხედველ პროკურორს.
2022 წლის 9 თებერვალს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ დააკმაყოფილა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარდგენილი წინადადება და გამოიტანა დადგენილება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი საქვეუწყებო დაწესებულების - სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების სამმართველოს ესკორტის ოფიცრების მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით - სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია - სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ“, - ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის, აღნიშნული ბრალდება სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომლებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტმა წარუდგინა.
0
0