
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი აცხადებს, რომ 2012 წელს, როცა მან საქართველო დატოვა, პოლიტიკურ პროცესებში არ მონაწილეობდა, უბრალოდ აგრძელებდა ურთიერთობას მეგობრებთან.
კეზერაშვილის თქმით, 2016 წლის შემდეგ, რაც „ევროპული საქართველო“ გამოეყო „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“ გარკვეულწილად მხარს უჭერდა და ეს იყო მაშინ პოლიტიკაში მისი როლი.
"ეს ის პერიოდია, როცა ნელ-ნელა ვხვდები, რომ ქართული პოლიტიკიდან ბოლომდე დისტანცირება არ გამოვა, რადგან საქართველო მიდის სადღაც, არასწორი მიმართულებით და შესაბამისად, კი, როცა ჩამოყალიბდა „ევროპული საქართველო“, მე მათ გარკვეულწილად მხარს ვუჭერდი კიდეც. ეს იყო ჩემი როლი“, – განაცხადა დავით კეზერაშვილმა „ფორმულასთან“ ინტერვიუში.
დავით კეზერაშვილი ამბობს, რომ „ნაცმოძრაობიდან“ „ევროპული საქართველოს“ გამოსვლაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია.
“ძალიან სამწუხაროა რომ ესეთი ფორმები მიიღო ყველაფერმა. ევროპული საქართველო დაფუძნების დღიდან იყო საინტერესო ხალხით დაკომპლექტებული, ძალიან სერიოზული პოლიტიკოსები იყვნენ და ვფიქრობდი მაშინაც და ახლაც ვთვლი, რომ მაგ პარტიას წესით უნდა ჰქონოდა ყველა შანსი ყოფილიყო ერთ-ერთი წამყვანი ძალა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა რატომღაც ეს ასე არ მოხდა. 2016-ის შემდეგ ვიხილეთ ორი არჩევნები, ამ პოლიტიკური პარტიის შედეგები მოდიოდა ქვევით, ქვევით, ქვევით და ბოლოს მივიღეთ ის შედეგი, რაც მივიღეთ. ბოლო არჩევნების შემდეგ მქონდა საუბარი პარტიის ხელმძღვანელობასთან, სხვადასხვა ადამიანთან და ვთქვი ჩემი აზრი, რომ მათ ვერ მიაღწიეს არათუ წარმატებას, არამედ ყველა იმ რესურსის მიუხედავად, რაც ჰქონდათ, მათი შედეგები მცირდებოდა. შესაბამისად, მე ვთვლიდი მაშინაც და ახლაც, რომ ალბათ რაღაც უნდა შეეცვალათ ხელმძღვანელობას თავის მიდგომებში, სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ხო, თუ რაღაცას სწორად აკეთებ, შედეგები უნდა უმჯებოსდებოდეს. ნაწილმა მიიღო ეს, როგორც ჯანსაღი რჩევა, თუ გნებავთ კრიტიკა, ნაწილმა არ მიიღო და გაბრაზდნენ ამაზე და შესაბამისად, დღეს ვართ იმ მდგომარეობაში, სადაც ვართ, ისინი მე მაბრალებენ თავიანთ წარუმატებლობას, თუ იმხელა წარმატების ვერმიღწევას რაც მათ სურდათ, მე ვთვლი, რომ ეს არ არის ჩემი ბრალი. თავისუფალი ადამიანი ვარ და მაქვს უფლება გამოვხატო ჩემი აზრი”, განაცხადა კეზერაშვილმა.
0
0