31/05/2023
14:00
პოლიტიკა
სამწუხაროა, რომ ჩემი ყოფილი კოლეგებისგან და მეგობრებისგან ვისმენდი მძიმე ბრალდებებს ჩემი და რომან გოცირიძის მისამართით, რაც ნამდვილად გაუგებარია, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა.
დეკანოიძის თქმით, ყველას შეახსენებს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა არა პოლიტიკური ჯგუფის შესაქმნელად, არამედ ამ გადაწყვეტილებას კონკრეტული მიზეზები ჰქონდა.
„გუშინ საქართველოს პარლამენტის დარბაზიდან უკვე სოციალურ ქსელებში გაგრძელდა ვნებათაღელვა. თავიდან, როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ გარკვეულ პოლიტიკურ დამოუკიდებელ დეპუტატებს, „ხალხის ძალას“ და პარტიას „საქართველოსთვის“ მისცა საშუალება, შეექმნათ პოლიტიკური ჯგუფი, ძალიან დიდი უსამართლობა იყო, როდესაც მე და ბატონ რომანს არ მოგვეცა პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება. თაიმლაინი იყო შემდეგი – როდესაც საპროცედურო კომიტეტზე განხილულ იქნა ეს საკითხი, იქვე იყო დაფიქსირებული, რომ შესაძლებელია, ცვლილებები მოხდეს ისე, რომ პარტიის ნაცვლად დაემატოს ბლოკი, რადგან ხაზს ვუსვამ, ეს იყო ნამდვილად უსამართლობა, ისევე როგორც ძალიან დიდი უსამართლობაა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აძლევენ ვიცე-სპიკერის კვოტას. ვიდრე ჩვენი კოლეგები მხარს დაუჭერდნენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევას და ისინი იყვნენ ფრაქციის „ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ წევრები, მანამდე მე და ბატონმა რომანმა დავაინიცირეთ და შევიტანეთ ცვლილებები. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის შემდეგ ჩემი ყოფილი კოლეგებისგან და მეგობრებისგან ვისმენდი მძიმე ბრალდებებს ჩემი და ბატონი რომან გოცირიძის მისამართით, რაც ნამდვილად გაუგებარია. ყველას შევახესენებ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტია დავტოვე არა იმისთვის, რომ კონკრეტულად პოლიტიკური ჯგუფის შექმნა მინდოდა, პარტია დავტოვე კონკრეტული მიზეზების გამო. ეს მიზეზები იციან ჩემმა ყოფილმა კოლეგებმა, ჩემმა მეგობრებმა და ახლანდელმა მეგობრებმაც. ამ მიზეზებზე ვისაუბრე საჯაროდ. ამიტომ თუ ფრაქციას, რომლის დაშლის არცერთი ინტერესი ჩემთვის არ არის საინტერესო, აქვს შიში, რომ ამ ცვლილებების შემდეგ, ეს ფრაქცია დაიშლება, ვფიქრობ, ვინც ამას ამბობს, დიდ შეურაცხყოფას აყენებს იმ ადამიანებს, რომლებიც ამ ფრაქციაში არიან. ნამდვილად, ძვირფასო კოლეგებო, რადგან ამ ფრაქციაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც დარწმუნებული ვარ, თუ პარტიას დატოვებენ და ამ მტკივნეულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, ამას არ გააკეთებენ მხოლოდ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის გამო, ამას გააკეთებენ სხვა მიზეზების გამო. ძალიან უხერხულია იმ ადამიანებისგან მოსმენა, განსაკუთრებით, ვინც მე და ბატონ რომანს ძალიან კარგად იცნობს. სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც პოლიტიკაში სულ რამდენიმე თვეა, შემოვიდნენ, ბატონ რომანს გუშინ აქ, ამ ტრიბუნაზე ასე ესაუბრებოდნენ, ძალიან ვწუხვარ ამაზე“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
პარლამენტმა პოლიტიკურ ჯგუფებთან დაკავშირებით რომან გოცირიძისა და ხატია დეკანოიძის საკანონმდებლო ინიციატივას გუშინ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების თანახმად, პოლიტიკური ჯგუფის შექმნის შესაძლებლობა ექნებათ უფრაქციო პარლამენტის წევრებს, რომლებმაც დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობიდან“ გასული დეპუტატები პოლიტიკური ჯგუფის შექმნას შეძლებენ.
0
0