
თბილისის საქალაქო სასამართლოში, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ შვიდი პირის სასამართლო პროცესზე, მოსამართლემ სასამართლო დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე თამარ მჭედლიშვილმა მას შემდეგ მიიღო, რაც ადვოკატმა გუჯა ავსაჯანიშვილმა შუამდგომლობა დააყენა, სხდომის გადადების ან სხდომის დარბაზის შეცვლასთან დაკავშირებით.
როგორც ადვოკატმა სხდომაზე განაცხადა, ბრალდებულები არასათანადო პირობებში იყოფებიან. მისი თქმით, დარბაზში, ბრალდებულებთან ელექტროსადენიდან დენი გადადიოდა, ასევე დარბაზში უჟანგბადობა იყო.
ცნობისთვის, დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
0
0