06/10/2023
20:26
ეკონომიკა
ორდღიანი განხილვების შემდეგ პარლამენტმა 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში დაგეგმილი ცვლილებები დაამტკიცა.
საბიუჯეტო ცვლილებები 82 ხმით ხმით, 1-ის წინააღმდეგ მიიღეს.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ცვლილებების მიხედვით, ეკონომიკური ზრდის განახლებული პროგნოზი 6,5%-ს შეადგენს, ნაცვლად 5%-ისა. მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროგნოზი მცირდება და 3,1%-ის ოდენობით განისაზღვრება.
შემცირებულია ინფლაციის საპროგნოზო მაჩვენებელი და 2.6%-ს შეადგენს. ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა 78,8 მლრდ ლარის ოდენობით განისაზღვრება. უცვლელია ბიუჯეტის დეფიციტის მოცულობა - ის მშპ-ის 2.8%-ია.
მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-სთან მიმართებით 40%-ზე დაბალ ნიშნულზეა და მშპ-ს 38.4%-ია.
2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები 256,7 მლნ ლარით იზრდება და 22 170,9 მლნ ლარს შეადგენს, მათ შორის - საგადასახადო შემოსავლები იზრდება 420,0 მლნ ლარით და შეადგენს 16 710,4 მლნ ლარს.
სახელწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 431,2 მლნ ლარით იზრდება და 22 311,3 მლნ ლარს შეადგენს.
2023 წლის ბიუჯეტში განხორციელებული ცვლილების თანახმად, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ასიგნებები იზრდება 250,0 მლნ ლარით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაფინანსება - 47,0 მლნ ლარით; კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს - 34,0 მლნ ლარით; ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს -23,0 მლნ ლარით.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ასიგნებების ფარგლებში ძირითადად ხორციელდება პროექტებს შორის თანხების გადანაწილება და დამატებით სტიქიური მოვლენების სალიკვიდაციო სამუშაოების დასაფინანსებლად 20,0 მლნ ლარი გამოიყოფა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ასიგნებები 40,0 მლნ. ლარით იზრდება, ხოლო თავდაცვის სამინისტროს, თავდაცვის შესაძლებლობების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე წლის ბოლომდე საჭირო შესყიდვების სრულყოფილად დასაფინანსებლად დამატებით 10,0 მლნ ლარი გამოეყოფა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება 21,2 მლნ ლარის ოდენობით იზრდება, რაც დაკავშირებულია 2024 წელს საპარლამენტო არჩევნების ელექტრონულად ჩატარებისთვის საჭირო აპარატურისა და მომსახურების ხარჯების ნაწილობრივ დაფინანსებასთან.
სახალხო დამცველის აპარატს ახალი შენობის მშენებლობის ხარჯების დასაფინანსებლად, დამატებით 2,5 მლნ ლარი გამოეყოფა.
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმდინარე ხარჯების დაფინანსებისთვის დამატებით გამოეყოფა 500,0 ათასი ლარი.
0
0