
პარლამენტის წინ მოქალაქეთა ჯგუფმა სოფელ კირბალის მიმდებარედ, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის ფაქტი გააპროტესტეს.
მათი შეფასებით, ინციდენტი შედეგია საქართველოს მთავრობის მიერ არ გაღიზიანების პოლიტიკის.
აქციის ერთ-ერთი მონაწილის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის განცხადებით, 4 000-მდე საქართველოს მოქალაქეა დაკავებული რუსი ოკუპანტების მიერ, ხოლო მთავრობა ცდილობს “ფაქტი მიჩუმებული იყოს”
„წარმოუდგენელია, ამაზე უარესი საქართველოში რა უნდა მოხდეს, როდესაც მოქალაქეს ოკუპანტი იარაღით გიკლავს. 4 000-მდე საქართველოს მოქალაქეა დაკავებული რუსი ოკუპანტების მიერ. სამწუხაროდ, ჩვენი მთავრობა ცდილობს მიჩუმებული იყოს ეს ამბავი. თუ ასე გაგრძელდება, ყველას იგივე გველოდება, არა ე.წ. საოკუპაციო ხაზთან, შეიძლება თბილისშიც იგივე დაგვემართოს”,- განაცხადა გაფრინდაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ 6 ნოემბერს სროლა იყო საოკუპაციო ხაზთან. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ცნობით, სოფელ კირბალის მიმდებარედ ადგილობრივი მცხოვრების უკანონოდ დაკავების მცდელობისას, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლისას გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე, როგორც შემდგომში გახდა ცნობილი ის ადგილობრივი მცხოვრები თამაზ გინტურია. რუსმა ოკუპანტებმა ასევე უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.
ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობის და გატაცების ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო - ამის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს.
განცხადება გაავრცელა სადამკვირვებლო მისიამ, რომელმაც მხარეებს მოუწოდა, “თავი შეიკავონ და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად”.
0
0