
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები და დამატებები შევიდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ცვლილებები ძირითადად აკრედიტებული საპარლამენტო ჟურნალისტების რაოდენობასა და ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის წესს შეეხება.
ცვლილებების თანახმად, იზრდება საზოგადოებრივი ტელემაუწყებლისა და საერთო საეთერო ეროვნული ტელემაუწყებლის გადამღები ჯგუფების რაოდენობა და არსებული ათი გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტის ნაცვლად, საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღება შეეძლება არაუმეტეს 15 გადამღები ჯგუფის დასაკომპლექტებლად საჭირო რაოდენობის ჟურნალისტს.
აღნიშნული ცვლილება ძალაშია ბრძანების კანონით დადგენილი წესით საჯაროდ გამოცხადების დღიდან.
ცვლილებებით ასევე დაზუსტდა ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის გაცემის წესი და პირობები, რომელიც ძალაში შედის 2026 წლის პირველი იანვრიდან.
ამასთანავე, ბრძანებით „საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესს“ დაემატა ორი დანართი. N1 დანართით გათვალისწინებული ერთიანი ფორმის დაცვით მოხდება საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადების შევსება, ხოლო N2 დანართით გათვალისწინებული ერთიანი ფორმის დაცვით მოხდება ერთჯერადი სპეციალური აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადების შევსება.
„საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესში“ ცვლილებები და დამატებები აკრედიტაციის შეჩერებისა და ვადამდე გაუქმების საფუძვლებს არ შეეხება.
2026 წლისთვის საპარლამენტო ჟურნალისტის აკრედიტაციის მიღების თაობაზე განაცხადები 2025 წლის პირველი დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით მიიღება.
0
0