09/06/2022
11:59
პოლიტიკა
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე ზაალ უდუმაშვილისთვის საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი განიხილა.
უდუმაშვილმა პარლამენტს წერილობით მიმართა. საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე 30 მაისს წარდგენილი განცხადების ნამდვილობა დაადგინა და ზაალ უდუმაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას მხარი დაუჭირა.
საკითხის განხილვის პარალელურად, კომიტეტის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ლევან ბეჟაშვილი ადგილმონაცვლეების საკითხთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევის ინიციატივით გამოვიდა.
„ხომ არ შეგვიძლია, მივაღწიოთ ბოლოს და ბოლოს იმ შეთანხმებას, რომ ადგილმონაცვლეების საკითხი გადავწყვიტოთ საკანონმდებლო გზით. მესმის, რომ მაშინდელი ოპოზიციის პოლიტიკური გადაწყვეტილება ვითარებიდან გამომდინარე, სხვაგვარი იყო. ახლა პრაქტიკულად შეიძლება, ითქვას, აღმოჩნდა, რომ ჩვენვე ვაყენებთ ამ ინიციატივას და ვითხოვთ, ადგილმონაცვლეების საკითხი განსაზღვრული იყოს, რადგან ასე შეიძლება, მართლა მივიდეთ იმ ნიშნულამდე, რითაც დავიწყეთ, ვიდრე შემოვიდოდით პარლამენტში. რომ იყოს მემკვიდრეობის, პროპორციული წარმომადგენლობის პრინციპი დაცული, რაც მთავარი პრინციპი არის საკანონმდებლო ორგანოს ფორმირებისთვის, ვფიქრობ, კონსულტაციების დაწყება ამ თემასთან დაკავშირებით მაინც აქტუალური და უპრიანიც იქნება“, – განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.
ლევან ბეჟაშვილის წინადადებას გამოეხმაურა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი.
„ამ შემთხვევაში, ბატონო ლევან, მგონი, ჩამოსაყალიბებელი თქვენ მხარეს უფრო მეტია, რადგან თქვენი პარტიის, ვგულისხმობ, „ნაციონალურ მოძრაობას“, ბევრი წევრი დღესაც თვლის, რომ ის იმყოფება არალეგიტიმურ პარლამენტში. ბოლოს და ბოლოს, უნდა ჩამოყალიბდეთ. ის საკითხი, რაც თქვენ თქვით, შეიძლება, სამართლებრივ ჭრილში რაღაც დონეზე კონსულტაციებისთვის იყოს საფუძვლიანი, მაგრამ ერთ შემთხვევაში პარტიის თავმჯდომარე მიდის პარლამენტიდან თავისი ნებით, ზაალ უდუმაშვილი ასევე თავისი ნებით მიდის, თქვენი კოლეგა ბევრჯერ ამბობს, რომ უნდა წავიდეს ოპოზიცია პარლამენტიდან. თუ ეს პოლიტიკური კონტექსტი იქნება ისეთი, რომ პარლამენტი არის პოლიტიკური, ქმედითი ორგანო, სადაც მიუხედავად პოზიციებისა, მაინც უნდა იმუშაოს პარლამენტის წევრმა, ამ შემთხვევაში, ბევრ საკითხზე, მათ შორის ამ საკითხთან დაკავშირებითაც შეიძლება, რაღაცა კონსულტაციები იყოს“, – განაცხადა გურამ ამჭარაშვილმა.
როგორც ცნობილია, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რამდენიმე ოპოზიციური პარტიისა და ბლოკის საარჩევნო სიები 2020 წელს მათივე მიმართვის საფუძველზე გააუქმა. პარტიული სიით წარდგენილი კანდიდატების საარჩევნო რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ, საარჩევნო სიაში მხოლოდ დეპუტატად არჩეული წევრები დარჩნენ, რომელთა უფლებამოსილება მეათე მოწვევის პარლამენტმა ცნო.
0
0