
საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, მამუკა ხაზარაძის საქმე პროკურატურაში გადაიგზავნება.
ამის შესახებ გადაწყვეტილება საპარლამენტო კომისიის დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.
საკითხი კენჭისყრაზე კომისიის ხელმძღვანელმა თეა წულუკიანმა დააყენა.
„ბატონი მამუკას შემთხვევაში, მან თავის ფეისბუქპოსტიდან გამომდინარე აღარ დაგვიტოვა არანაირი კითხვის ნიშანიც კი, აპირებდა თუ არა დღეს მოსვლას, ხომ არ მოიცლის ხვალ, ორ დღეში, ერთ კვირაში და ხომ არ გამოცხადდება იქამდე, ვიდრე კომისია მუშაობას დაასრულებს. იმ ტექსტიდან გამომდინარე, აქ ეჭვი არ არსებობს. მინდა, შემოგთავაზოთ, რომ კენჭისყრაზე დავაყენოთ საკითხი მამუკა ხაზარაძის საქმის პროკურატურაში გადაგზავნასთან დაკავშირებით.
არსებობს სისხლის სამართლის კოდექსი, რომელსაც აქვს სხვადასხვა ნორმა. არის ასეთი მუხლი – ნომერი 349, რომელშიც წერია, რომ კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობა ისჯება სისხლის სამართლის წესით. იქ არის საკმაოდ მძიმე სასჯელები, მათ შორის ერთ წლამდე პატიმრობაც“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დღეს დაწერა: „მამუკა ხაზარაძე – დღეს არალეგიტიმური პარლამენტის საგამოძიებო კომისიაში მელოდებიან, მისვლას და ამ ცირკში მონაწილეობას არ ვაპირებ“.
საქართველოს პარლამენტში „2003-2012 წლებში მოქმედი რეჟიმისა და რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის“ სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე განიხილავენ შპს „მაგნატის“ საქმეს. სხდომაზე მოუსმინეს შპს „მაგნატის“ მფლობელს, ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძეს.
0
0
ბათუმში, მეოთხე დღეა 18 წლის ბიჭს ეძებენ
25/03/2025