
პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში, დღეს ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმე განიხილება. საგამოძიებო კომისიის წევრების წინაშე მიხეილ ართმელაძე და ოთარ სურმანიძე წარდგებიან, რომლებიც მათი ოჯახის წევრების უფლებების შელახვის ფაქტებთან დაკავშირებით ვრცლად ისაუბრებენ.
2006 წლის 12 იანვრის ნავთლუღის სპეცოპერაციის დროს 3 ახალგაზრდა სამი საკონტროლო გასროლით მოკლეს. სააკაშვილის რეჟიმისდროინდელი პროკურატურა ამტკიცებდა, რომ ახალგაზრდები პატიმრებს ციხიდან გაქცევაში უნდა დახმარებოდნენ.
2017 წლის 21 დეკემბერს, საქალაქო სასამართლომ დათა ახალაია დამნაშავედ ცნო ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში, მტკიცებულებათა ფალსიფიკაციაში და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში.
ამავე საქმეზე გიორგი დგებუაძე დამნაშავედ ცნეს ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი 3 პირის განზრახ მკვლელობაში თანამონაწილეობისთვის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის
დათა ახალაიას განზრახ მკვლელობის, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და მტკიცებულებათა ფალსიფიკაციისთვის სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, ამასთან, 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება.
გიორგი დგებუაძეს კი სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 9 წლის ვადით, მასვე 2 წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში თანამდებობის დაკავების უფლება. მოგვიანებით, მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძის გადაწყვეტილებით, გიორგი დგებუაძეს წარდგენილი ბრალი - განზრახ მკვლელობა - გადაუკვალიფიცირდა განზრახ მკვლელობაში დახმარების გაწევის ბრალდებით.
0
0