-share.jpg)
თვეები გადის და პარლამენტი ვერ ირჩევს ცესკო-ს წევრებსა და თავმჯდომარეს. ეს ფაქტი ადასტურებს, რომ ყველაფერი ექსპერიმენტი იყო, რომელიც ჩვენს კანონმდებლობაში ჩატარდა და ჩავარდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ცესკო-სთან დაკავშირებულ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებას, რომლის მიხედვითაც, კანონპროექტს, მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს დაადებს.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ახლა საჭიროა დაფიქრება და გაანალიზება, რამდენად მიაღწია მიზანს კანონპროექტმა იმ სახით, როგორც თავის დროზე მიიღეს.
„ახლა ერთადერთი საკითხი მდგომარეობს იმაში, გამოვიჩენთ თუ არა კეთილგონიერებას, რომ დავფიქრდეთ, გადავხედოთ ექსპერიმენტს, რამდენად ჰქონდა ამ ყველაფერს აზრი, რამდენად მიაღწია თავის მიზნებს. სწორედ აქედან გამომდინარე უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. საქართველოს პარლამენტი ცდილობს, გამოსავალი მოიძებნოს ჩიხში, სადაც ამ ექსპერიმენტით იქნა შეყვანილი საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტი. მოიძებნოს გამოსავალი იმავე სახით, როგორც ის შეიქმნა, როგორც საკანონმდებლო რეგულაცია. ამავე რეგულაციით უნდა მოხდეს ამ ჩიხის გახსნა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
„საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში შედის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.
0
0