პირველად საქართველოს ისტორიაში, პარლამენტი პრეზიდენტის იმპიჩმენტს იწყებს - განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დღეს, 12:00 საათზე დაიწყება.
სწორედ ამ დარბაზში გადაწყდება, მოუწევს თუ არა სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტის პოსტის იმპიჩმენტის წესით დატოვება.
ვიდრე საკანონმდებლო ორგანო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს, სალომე ზურაბიშვილს მთავრობის მეთაურმა შეახსენა, რომ კანონზე და კონსტიტუციაზე მაღლა ვერავინ დადგება.
ირაკლი ღარიბაშვილმა ქვეყნის მთავარი კანონის დარღვევას სამწუხარო უწოდა. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავარი ახლა ისაა, რომ ქვეყანაში კანონის პატივისცემა ყველას თანაბრად მოეთხოვება.
სამართლებრივი ვერდიქტის შემდეგ ჯერი ახლა პოლიტიკურ გადაწყვეტილებაზეა. პრეზიდენტის იმპიჩმენტის გამოცხადებას 100 დეპუტატის თანხმობა დასჭირდება.
დაესწრება თუ არა ოპოზიცია დღევანდელ კენჭისყრას - ამის შესახებ საპარლამენტო ოპოზიციაში აზრთა სხვადასხვაობაა.
"გირჩის" წარმომადგენლებს არ ესმით, რატომ უნდა თქვან უარი განხილვაში მონაწილეობაზე.
"ნაციონალური მოძრაობა" კი ყველას მოუწოდებს სხდომაში მონაწილეობისგან თავი შეიკავონ.
საპარლამენტო ჯგუფები და ცალკეული ოპოზიციონერი დეპუტატები, რომლებიც დარბაზში ყოფნას ლობირებდნენ, დღეს უკვე ფიქრობენ, რომ მზად არიან პროცესებს დარბაზს მიღმა ადევნონ თვალი.
რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს და მის პოზიციას, როგორც სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე დღის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ის დღეს პარლამენტში მივა და იმპიჩმენტის თემაზე დაგეგმილ განხილვებს დაესწრება.
პრეზიდენტი დარბაზში ისევ ცენტრალური კარიდან შევა, ისევ ისარგებლებს პრეზიდენტის პრივილეგიით, თუმცა რა სტატუსით დატოვებს სხდომას, ეს იმაზეა დამოკიდებული, შეგროვდება თუ არა მის წინააღმდეგ 100 დეპუტატის ხმა.
0
0