
ფრანგული მედიის ინფორმაციით, პარიზსა და საფრანგეთის სხვა ქალაქებს საწოლის ბაღლინჯოების ჭირი დაატყდა თავს, რამაც საზოგადოებაში ინსექტოფობიის ტალღა გამოიწვია. როგორც ცნობილია, პარიზი 2024 წელს ოლიმპიურ თამაშებს მასპინძლობს.
ბოლო კვირეების განმავლობაში, საწოლის ბაღლინჯოების რაოდენობა, საფრანგეთის მასშტაბით, გაიზარდა.
საფრანგეთის წამყვანი ენტომოლოგის, ჟან-მიშელ ბერენჟერის განმარტებით, საწოლის ბაღლინჯოების რაოდენობის სეზონური მატება დაკავშირებულია საზაფხულო მოგზაურობასთან, როდესაც ადამიანებს, ყოველწლიურად, უნებლიედ გადააქვთ მწერები ბარგში.
პარიზში, სადაც, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში, ყოველი ათიდან ერთ ბინაში მცხოვრებს საწოლის ბაღლინჯო აწუხებს, ახალი პრობლემა შეექმნა. კინოთეატრებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც კი საწოლის ბაღლინჯოების გავრცელების შესახებ ინფორმაციამ შფოთვა გამოიწვია. პარიზის მერია და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობა უსაფრთხოების ზომების მიღებას გეგმავენ - თუ როგორ უნდა დაიცვან პარიზის იმიჯი 2024 წლის ოლიმპიური თამაშების წინ. საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრმა აურელიენ რუსომ მოსახლეობას მიმართა, რომ მწერის გავრცელების გამო პანიკის საფუძველი არ არის.
კინოთეატრის მფლობელები ასევე შეშფოთებულნი არიან მაყურებელთა დასწრების შემცირებით - ვრცელდება ვიდეოები, სადაც სკამებზე დაუდგენელი ტკიპები ჩანს.
„მწერის გავრცელების რამდენიმე ფაქტორი არსებობს, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია გლობალიზაცია - საკონტეინერო ვაჭრობა, ტურიზმი და მიგრაცია. კლიმატის ცვლილება შესაძლოა გამოირიცხოს, რადგან საწოლის ბაღლინჯო შინაური არსებაა და ის იქ მიდის, სადაც ადამიანები გადადგილდებიან. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, DDT-ის [ინსექტიციდის] ფართო გამოყენებით, მსოფლიოში ბაღლინჯოს რაოდენობა მასიურად შემცირდა. თუმცა წლების განმავლობაში, DDT-ისა და მრავალი სხვა ქიმიკატის გამოყენება აიკრძალა ადამიანებზე მათი მწვავე ზემოქმედების გამო. ბაღლინჯოები, რომლებიც ინსექტიციდს გადაურჩა, დღევანდელი ჯიშის წინაპრებია და, შედეგად, შხამქიმიკატების მიმართ ისინი ბევრად უფრო ამტანია.
მესამე ფაქტორი შეიძლება იყოს ტარაკნების შემცირება. ტარაკანი საწოლის ბაღლინჯოზე ნადირობს. სინამდვილე ის არის, რომ საწოლის ბაღლინჯო ადამიანისთვის მართლაც საშიშია, მაგრამ საფრთხე უფრო ფსიქოლოგიურია, ვიდრე ფიზიკური. რამდენადაც ცნობილია, ამ მწერს არ შეუძლია დაავადების გადაცემა. მისი ნაკბენები მკურნალობას სწრაფად ემორჩილება,“ - თქვა ენტომოლოგმა ჟან-მიშელ ბერენჟერმა.
0
0